გამოცემამ The Business Insider გამოაქვეყნა გელენჯიკთან, იდოკოპასის კონცხზე მდებარე ე.წ. პუტინის სასახლის მიწისქვეშა ნაწილის ნახაზები და სქემები. გამოცემის თანახმად, ეს მასალები საპროექტო კომპანია „მეტროსტილის“ საიტზე ინახება, როგორც კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოების მაგალითი და ინტერნეტსივრცეში ხელმისაწვდომი გახდა მინიმუმ 2016 წლიდან. ობიექტი პანსიონატადაა მოხსენიებული.
ნახაზების თანახმად, კომპლექსს აქვს მიწისქვეშა სართულები და გვირაბები. მიწისზედა შენობიდან ლიფტი დაახლოებით 50 მეტრის სიღრმეზე ჩადის. კომპლექსის მიწისქვეშა ნაწილი უზრუნველყოფილია ვენტილაციის, ელექტროენერგიის, წყლის, კანალიზაციის, ხანძარსაწინააღმდეგო და საკომუნიკაციო სისტემებით.
ბეტონის გარსითაა დაცული 6 მეტრის სიგანის და 40-60 მეტრი სიგრძის ორი გვირაბი, რომლებსაც, სპეციალისტების შეფასებით, შეუძლიათ გაუძლონ ბომბით პირდაპირ დარტყმას. ერთი გვირაბი ქვიშიან ფერდობზე გადის, მეორე კი - შავი ზღვის სანაპიროზე. ინჟინერ-მშენებლის, ტადეუშ გაბრიშევსკის შეფასებით, ეს გვირაბები განკუთვნილია გასაქცევად ან სიცოცხლის გადასარჩენად და არა უბრალოდ ავარიული გასასვლელი, არამედ სასახლის კომპლექსის სრულფასოვანი შემცვლელია.
- 2021 წლის 19 იანვარს, ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის დაპატიმრებიდან რამდენიმე დღეში, მისმა "კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა" გამოაქვეყნა გამოძიების შედეგად მომზადებული დოკუმენტური ფილმი "პუტინის სასახლე", რომელიც ეხება რუსეთის პრეზიდენტის და მისი უახლოესი გარემოცვის კორუფციულ სქემებს და კრასნოდარის მხარეში, გელენჯიკთან მდებარე სასახლის მშენებლობას.
- ფილმის პირველი ჩვენებიდან ერთი კვირის შემდეგ, პუტინმა სტუდენტებთან ონლაინ-შეხვედრაზე თქვა, რომ ეს სასახლე არ ეკუთვნის არც მას და არც მის უახლოეს ნათესავებს.