ისრაელის თავდაცვის არმია ("ცაჰალი") ადასტურებს, რომ იერიშის შედეგად დაიღუპა ჰამასის (მიჩნეულია ტერორისტულ ორგანიზაციად აშშ-სა და ევროკავშირში) სამხედრო ფრთის ლიდერი მოჰამედ დეიფი. მტკიცებულების სახით ისრაელის სამხედრო უწყების ოფიციალურმა ექაუნთებმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს 13 ივლისის იმ იერიშის ამსახველი ვიდეო, რომლის დროსაც, "ცაჰალის" ცნობით, მოჰამედ დეიფი დაიღუპა.
უფრო ადრე ისრაელმა დაადასტურა დეიფის თანაშემწის, რაფე სალამეს დაღუპვა იმავე 13 ივლისის იერიშის შედეგად.
"ცაჰალის" ცნობით, დეიფიც და სალამეც იყვნენ 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის მიერ განხორციელებული თავდასხმის ორგანიზატორებს შორის. 1990-იანი წლების შუა რიცხვებიდან, მოჰამედ დეიფი ისრაელის მიერ ძებნილ ერთ-ერთ მთავარ ჯიჰადისტად ითვლებოდა.
ჰამასი დეიფის დაღუპვას არც უარყოფს და არც ადასტურებს. დაჯგუფება მხოლოდ იმას აცხადებს, რომ 13 ივლისის იერიშის შედეგად ღაზის სექტორში ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
ასევე ნახეთ
ისრაელის თავდაცვის არმიამ ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილზე მიიტანა იერიში. ვრცელდება ცნობები ათობით დაღუპულზე"ბიბისის" ინფორმაციით, 13 ივლისის იერიშის შედეგად 300-მდე ადამიანი დაშავდა. თავდასხმის შედეგების ვიდეოჩანაწერების გაანალიზების შემდეგ, გამოცემის ჟურნალისტებმა დაასკვნეს, რომ თავდასხმა განხორციელდა ტერიტორიაზე, რომელიც ისრაელის თავდაცვის ძალების ვებგვერდზე ჰუმანიტარულ ზონად არის აღნიშნული.
- 2023 წლის 7 ოქტომბერს, პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობის, მსოფლიოს არაერთი სახელმწიფოს მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული ჰამასის სამხედრო ფრთამ ისრაელზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა. შეიარაღებული ჯგუფები ისრაელის ტერიტორიაზე ხმელეთიდანაც შეიჭრნენ.
- ისრაელის მონაცემებით, 7 ოქტომბრის თავდასხმისას 1200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 250-ზე მეტი კი ჰამასის მძევლობაში აღმოჩნდა.
- ისრაელმა ჰამასს ომი გამოუცხადა და ღაზის სექტორში მასშტაბური ოპერაცია დაიწყო.
- 2023 წელს, დროებითი ზავის პერიოდში, ჰამასის მძევლობიდან გაათავისუფლეს 100-ზე მეტი ადამიანი. ისრაელის მთავრობის მონაცემებით, ტყვეობაში რჩება 120-ზე მეტი. მათგან 41 დაღუპულადაა მიჩნეული.
- ჰამასის მიერ მართული ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, საომარი მოქმედებების შედეგად 2023 წლის ოქტომბრიდან დღემდე დაიღუპა 38 000-ზე მეტი პალესტინელი. ღაზის სექტორში უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისია.
- ისრაელს არაერთი ქვეყანა და ორგანიზაცია ადანაშაულებს ღაზაში სამხედრო დანაშაულების ჩადენაში. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) ახლახან მიიღო გადაწყვეტილება, გადადოს საკითხის განხილვა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტის დაპატიმრების ორდერების გაცემის თაობაზე ღაზის სექტორში სამხედრო დანაშაულების ჩადენის ბრალდებით.