ისრაელის თავდაცვის არმიამ დარტყმა განახორციელა ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ხან- იუნისის რაიონში. სააგენტო "როიტერის" თანახმად საავიაციო თავდასხმა მოხდა იმ რაიონზე, სადაც პალესტინელი ლტოლვილები იმყოფებოდნენ.
“ჰამასის” მიერ კონტროლირებადი ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით საავიაციო იერიშის შედეგად 70-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. დაშავებულთა რიცხვი 300-ს უახლოვდება. არაბული მედიის მტკიცებით ბომბი კარვების ბანაკში ჩავარდა.
ისრაელის მხარემ ლტოლვილთა ბანაკის დაბომბვის შესახებ ინფორმაცია უარყო.
ისრაელის თავდაცვის არმიის ცნობით, თავდასხმის სამიზნეს წარმოადგენდა “ჰამასის” სამხედრო ფრთის მეთაური მოჰამედ დეიფი, რომელიც გასული წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის ერთ-ერთ ორგანიზატორად ითვლება, და ხან-იუნისში ტერორისტული მოძრაობის ბრიგადის მეთაური რაფია სალამე.
ისრაელის სამხედროებმა განმარტეს, რომ შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში ტერორისტულ დაჯგუფებად მიჩნეული “ჰამასის” მაღალი რანგის მებრძოლები მშვიდობიანი მოსახლეობის სიახლოვეს მდებარე პატარა შენობაში იმყოფებოდნენ, ხოლო თავად შენობა “ჰამასის” მიერ დაცულ ტერიტორიაზე მდებარეობს.
ისრაელი ელოდება დაზვერვისგან დადასტურებას, მართლა მოკლეს თუ არა იერიშის შედეგად დეიფი და სალამე.
“ჰამასის” წარმომადგენელმა სამი აბუ ზუჰრიმ ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებებს ჯგუფის ლიდერებზე გაფიცვის შესახებ, სიცრუე უწოდა. დაჯგუფების თანახმად, დეიფი, ისრაელის მიერ 1990-იანი წლების შუა პერიოდიდან ერთ-ერთი ყველაზე მეტად ძებნილი ჯიჰადისტი, ისრაელის იერიშის შედეგად არ დაღუპულა.
- 2023 წლის 7 ოქტომბერს, პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობის, მსოფლიოს არაერთი სახელმწიფოს მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული ჰამასის სამხედრო ფრთამ ისრაელზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა. შეიარაღებული ჯგუფები ისრაელის ტერიტორიაზე ხმელეთიდანაც შეიჭრნენ.
- ისრაელის მონაცემებით, 7 ოქტომბრის თავდასხმისას 1200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 250-ზე მეტი კი ჰამასის მძევლობაში აღმოჩნდა.
- ისრაელმა ჰამასს ომი გამოუცხადა და ღაზის სექტორში მასშტაბური ოპერაცია დაიწყო.
- 2023 წელს, დროებითი ზავის პერიოდში, ჰამასის მძევლობიდან გაათავისუფლეს 100-ზე მეტი ადამიანი. ისრაელის მთავრობის მონაცემებით, ტყვეობაში რჩება 120-ზე მეტი. მათგან 41 დაღუპულადაა მიჩნეული.
- ჰამასის მიერ მართული ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, საომარი მოქმედებების შედეგად 2023 წლის ოქტომბრიდან დღემდე დაიღუპა 38 000-ზე მეტი პალესტინელი. ღაზის სექტორში უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისია.
- ისრაელს არაერთი ქვეყანა და ორგანიზაცია ადანაშაულებს ღაზაში სამხედრო დანაშაულების ჩადენაში. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) ახლახან მიიღო გადაწყვეტილება, გადადოს საკითხის განხილვა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტის დაპატიმრების ორდერების გაცემის თაობაზე ღაზის სექტორში სამხედრო დანაშაულების ჩადენის ბრალდებით.
ფორუმი