ვენესუელაში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო მას შემდეგ, რაც საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, სოციალისტი ნიკოლას მადურო. გაერთიანებული ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ არჩევნებში მისმა კანდიდატმა, ედმუნდო გონსალესმა გაიმარჯვა და ოფიციალური შედეგები გაყალბებულია.
საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებისადმი პროტესტის ნიშნად, ვენესუელის დედაქალაქ კარაკასის და სხვა ქალაქების ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა.
როგორც BBC-ს კორესპონდენტი იუწყება, კარაკასში დემონსტრანტები პროტესტს ჯერ ქვაბების და ტაფების ბრახუნით გამოხატავდნენ, მოგვიანებით კი, როცა პრეზიდენტის სასახლისკენ დაიძრნენ, დაძაბულობა გაიზარდა. ზოგიერთ ქუჩაზე ავტომობილები, საბურავები და ნაგვის ურნები დაწვეს. პოლიციელებმა და სამხედროებმა, რომლებმაც პრეზიდენტის სასახლისკენ მიმავალი ქუჩები გადაკეტეს, აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს, დემონსტრანტებმა კი ქვები და აალებადი სითხის შემცველი ბოთლები დაუშინეს.
სააგენტო AFP-ის ინფორმაციით, პროტესტმა სტიქიურად იფეთქა, რადგან ოპოზიციის ლიდერებს მოქალაქეებისთვის აქციებისკენ არ მოუწოდებიათ.
დემონსტრანტები სკანდირებდნენ: „თავისუფლება“, „ეს ხელისუფლება დაემხობა“ და გზად ხევდნენ და წვავდნენ კედლებსა და ბოძებზე გამოკრულ მადუროს პორტრეტებს.
BBC-ს ცნობით, პოლიციელებსა და სამხედროებთან ერთად დემონსტრანტებს დაუპირისპირდნენ მადუროს ხელისუფლების მხარდამჭერი მემარცხენე გასამხედროებული ორგანიზაციის წევრები, რომლებსაც „კოლექტივოს“ უწოდებენ.
ასევე ნახეთ მადურო ვენესუელის მესამე ვადით არჩეულ პრეზიდენტად გამოაცხადეს, ოპოზიცია შედეგს არ აღიარებსვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივლისს ჩატარდა. მმართველი სოციალისტური პარტიის კონტროლქვეშ მყოფმა საარჩევნო კომისიამ მეორე დღეს, 29 ივლისს, გამოაცხადა, რომ ხმების 51%-ით გაიმარჯვა ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ, მის მთავარ მეტოქეს, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ ედმუნდო გონსალეს კი ხმების 44% აქვს.
მანამდე ეგზიტპოლის შედეგები აჩვენებდა გონსალესის დამაჯერებელ გამარჯვებას.
ოპოზიციური „ერთიანი დემოკრატიული პლატფორმის“ ლიდერმა მარია კორინა მაჩადომ, რომელსაც სასამართლომ პრეზიდენტად კენჭისყრის უფლება არ მისცა, 29 ივლისს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აქვთ საარჩევნო ოქმების 73%-ის ასლები და ამ შედეგებით, ედმუნდო გონსალესს 6,27 მილიონი ხმა აქვს, ხოლო ნიკოლას მადუროს - 2,75 მილიონი.
თავად მადურო 29 ივლისს, საღამოს, იმყოფებოდა ეროვნულ საარჩევნო საბჭოში, რომელმაც ოფიციალურად დაამტკიცა პრეზიდენტად მისი მესამედ, შვიდწლიანი ვადით არჩევა.
მადურომ არჩევნების გაყალბება უარყო და საპროტესტო აქციებს უწოდა გადატრიალების მცდელობა, რომელსაც „ფაშისტური და კონტრრევოლუციური“ ძალები ახორციელებენ უცხო ქვეყნების მითითებით. ნიკოლას მადურო თავის მტრებად მიიჩნევს აშშ-ს და ამერიკის ორივე კონტინენტის კიდევ ათზე მეტ ქვეყანას, რომლებიც არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ. ამ სახელმწიფოებმა 31 ივლისს ვაშინგტონში საგანგებო სხდომა დანიშნეს.
ასევე ნახეთ რას ნიშნავს ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთისთვის?სოციალისტური პარტიის ლიდერი ნიკოლას მადურო ვენესუელის პრეზიდენტია 2013 წლის აპრილიდან.
ოპოზიცია ხელისუფლებას არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებდა 2018 წელსაც, როცა მადურო კენჭს მეორე ვადით იყრიდა. მისი ოპონენტები დარწმუნებული იყვნენ, რომ არჩევნებში გაიმარჯვა ოპოზიციის კანდიდატმა ხუან გუაიდომ. საპროტესტო გამოსვლები რამდენიმე თვეს გაგრძელდა, თუმცა მადურომ და სოციალისტურმა პარტიამ ძალაუფლება შეინარჩუნეს. 2018 წლის არჩევნებში მადუროს გამარჯვება არ აღიარა მსოფლიოს არაერთმა სახელმწიფომ, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა.
ვენესუელა იმ რამდენიმე ქვეყანას შორისაა, რომლებმაც რუსეთთან ახლო ურთიერთობების გამო მოსკოვს მიბაძეს და 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარეს საქართველოს ორი ტერიტორიის, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის, ე.წ. დამოუკიდებლობა. ეს მადუროს წინამორბედმა პრეზიდენტმა, სოციალისტმა უგო ჩავესმა გააკეთა 2009 წლის სექტემბერში.