ვენესუელის საარჩევნო კომისიამ დღეს, 29 ივლისს, გამოაცხადა, რომ წინასწარი შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 51%-ით გაიმარჯვა ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა ედმუნდო გონსალესმა კი ხმების 44% მიიღო. არჩევნებში კიდევ რამდენიმე კანდიდატი მონაწილეობდა.
ოპოზიცია ოფიციალურად გამოცხადებულ შედეგებს გაყალბებულს უწოდებს.
ოპოზიციური „ერთიანი დემოკრატიული პლატფორმის“ ლიდერმა მარია კორინა მაჩადომ, რომელსაც სასამართლომ პრეზიდენტად კენჭისყრის უფლება არ მისცა, განაცხადა, რომ ეგზიტპოლის თანახმად, ედმუნდო გონსალესმა დამაჯერებლად, ხმების 70%-ით გაიმარჯვა.
„ვენესუელას ჰყავს ახალი, არჩეული პრეზიდენტი ედმუნდო გონსალესი. ჩვენ გავიმარჯვეთ და ეს მთელმა მსოფლიომ იცის”, - ნათქვამია მაჩადოს და გონსალესის ერთობლივ განცხადებაში.
მარია კორინა მაჩადომ სამხედროებს მიმართა, რომ ვენესუელის ხალხმა თავისი სიტყვა თქვა, მას არ უნდა მადურო და დროა, ისტორიის სწორ მხარეს დადგნენ.
ვენესუელაში ყველაზე პოპულარულ ოპოზიციონერ პოლიტიკოს მარია კორინა მაჩადოს 2024 წლის იანვარში უზენაესმა სასამართლომ პრეზიდენტად კენჭისყრა აუკრძალა იმ მოტივით, რომ მხარს უჭერს აშშ-ის სანქციების პოლიტიკას და სავარაუდოდ, ჩართულია კორუფციულ სქემებში.
კვირას, 28 ივლისს, ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოცხადების შემდეგ ნიკოლას მადურომ ქვეყნის დედაქალაქ კარაკასში მხარდამჭერებს მიმართა და უთხრა, რომ მისი ხელახალი ვადით არჩევა მშვიდობის და სტაბილურობის გამარჯვებაა.
მადუროს მტკიცებით, ვენესუელის საარჩევნო სისტემა გამჭვირვალეა. მან ისიც განაცხადა, რომ დღეს, 29 ივლისს, ხელს მოაწერს განკარგულებას „დიდი ეროვნული დიალოგის” შესახებ.
სოციალისტური პარტიის ლიდერი ნიკოლას მადურო ვენესუელის პრეზიდენტია 2013 წლის აპრილიდან. ოპოზიცია ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდა 2018 წელსაც, როცა მადურო კენჭს მეორე ვადით იყრიდა. მისი ოპონენტები დარწმუნებული იყვნენ, რომ არჩევნებში გაიმარჯვა ოპოზიციის კანდიდატმა ხუან გუაიდომ. 2018 წლის არჩევნებში მადუროს გამარჯვება არ აღიარა მსოფლიოს არაერთმა სახელმწიფომ, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა.
ვენესუელა იმ რამდენიმე ქვეყანას შორისაა, რომლებმაც რუსეთთან ახლო ურთიერთობების გამო მოსკოვს მიბაძეს და 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარეს საქართველოს ორი ტერიტორიის - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის - ე.წ. დამოუკიდებლობა. ეს მადუროს წინამორბედმა პრეზიდენტმა, სოციალისტმა უგო ჩავესმა გააკეთა 2009 წლის სექტემბერში.
ფორუმი