„გავრილოვის ღამეს“ დაშავებულისთვის შსს-ს კომპენსაციის გადახდა დაეკისრა

2019 წლის ივნისი - „გავრილოვის ღამე“

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იუწყება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს „გავრილოვის ღამეს“ დაშავებული მოქალაქისთვის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა - შსს-ს დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება (50 ათასი ლარი) დაშავებულისთვის და ასევე დამატებით, შრომისუნარიანობის შემცირებისთვის, მისთვის ყოველთვიურად 1440 ლარის გადახდა.

მოსარჩელე 2019 წლის ივნისში პარლამენტის შენობის წინ მშვიდობიანად გამოხატავდა პროტესტს, მოგვიანებით კი შეეცადა დახმარებოდა აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, რომელიც ცრემლსადენი აირის გარემოცვაში იმყოფებოდა. ამ დროს მას რეზინის ტყვია მოხვდა მარჯვენა თვალის არეში. საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნებით დადგინდა, რომ დაზიანების გამო მოსარჩელეს საერთო შრომისუნარიანობა შეუმცირდა 15%-დან 25%-მდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ოთხწლიანი დავა ერთი კვირის წინ დასრულდა. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესული არ არის, რაც ნიშნავს, რომ შსს-ს მისი გასაჩივრების უფლება აქვს.

ასევე ნახეთ „მოსამართლემ უარი თქვა შრომისუნარიანობის შემცირებისთვის სარჩოს დაკისრებაზე" - 20 ივნისს დაზარალებული გიორგი სულაშვილი 

როგორც საიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, მოსარჩელეს ვინაობის გამხელა არ სურს.

ასევე ნახეთ 20 ივნისიდან 5 წლის შემდეგ - სად არიან დღეს “გავრილოვის ღამის” გმირები და ანტიგმირები

2019 წლის 20 ივნისის დილას საქართველოს პარლამენტში, სასესიო დარბაზში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტმა სერგეი გავრილოვმა დაიკავა.

მოგვიანებით საპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტის სპიკერატისათვის განკუთვნილ ადგილზე ავიდა და განაცხადა, რომ შესვენებაზე გასული სერგეი გავრილოვი პარლამენტში ვეღარ დაბრუნდებოდა.

ანტისაოკუპაციო აქცია 20 ივნისს, 19:00 საათისათვის, დაიგეგმა. პარლამენტის წინ შეიკრიბა ათასობით მოქალაქე. სცენა დაიკავეს სამოქალაქო აქტივისტებმა. სცენაზე გამოჩნდნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც.

აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საქართველოში შემოუშვა ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები და რუსეთის დუმის დეპუტატს მისცა საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან გამოსვლის საშუალება, ხელისუფლებაში დარჩენის უფლება აღარ ჰქონდა.

ოპოზიციის ლიდერებმა მაშინდელი შს მინისტრის, გიორგი გახარიას, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაშინდელი ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურისა და პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოითხოვეს და ამისთვის მათ ერთსაათიანი ვადა მისცეს.

22:00 საათისათვის პარლამენტის წინ სიტუაცია დაიძაბა. საპროტესტო აქციის მონაწილეთა ნაწილმა პარლამენტის კიბეებისკენ გადაინაცვლა. შენობა სპეცრაზმელებით იყო გარშემორტყმული. მალევე რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გაუშვეს. დაიწყო დემონსტრანტთა დაშლა. ისროლეს რეზინის ტყვიები.

იმ ღამით არაერთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორმა - გიორგი სულაშვილმა და მაკო გომურმა - თვალი დაკარგა.