უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ ძებნა გამოაცხადა მამაკაცისა, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს პოლიტიკოს ირინა ფარიონის მკვლელობასთან. ამის შესახებ „უკრაინსკა პრავდა“ იტყობინება.
ეჭვმიტანილის ვინაობა ჯერჯერობით არ დაუდგენიათ, მაგრამ პოლიციამ გამოაქვეყნა მკვლელობის ადგილის მახლობლად გადაღებული ფოტო- და ვიდეომასალა. კადრებზე ჩანს ახალგაზრდა მამაკაცი წითელი მაისურითა და შავი შარვლით. მას პანამური ქუდი ახურავს და მზის სპორტული სათვალე უკეთია. სწორედ ასე აღწერდნენ ფარიონის მეზობლები მამაკაცს, რომელიც, მათი სიტყვებით, ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა პოლიტიკოსის საცხოვრებელი ადგილის მახლობლად და, როგორც ჩანს, მომავალ მსხვერპლს უთვალთვალებდა.
ირინა ფარიონზე თავდასხმა 19 ივლისს მოხდა ლვოვში, მისი საცხოვრებელი სახლის მახლობლად. ბოროტმოქმედმა მას თავში ესროლა პისტოლეტი. დაჭრილი პოლიტიკოსი მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ის რამდენიმე საათის შემდეგ გარდაიცვალა. თავდამსხმელმა მიმალვა მოახერხა.
ასევე ნახეთ ლვოვში თავს დაესხნენ პოლიტიკოს ირინა ფარიონს. ის მძიმედ არის დაჭრილი60 წლის ირინა ფარიონი იყო ფილოლოგი და ენათმეცნიერი, 2012-2014 წლებში იყო უკრაინის ვერხოვნა რადის დეპუტატი, სრულიად უკრაინული ასოციაცია „სვობოდას“ წევრი. ის ცნობილი იყო თავისი მკაცრი პოზიციით უკრაინაში უკრაინული ენის უპირატესობის შესახებ და კატეგორიულად მოითხოვდა, რომ მინიმუმამდე დავიდეს ქვეყანაში რუსულის როგორც „ოკუპანტების ენის“ გამოყენება.
რუსეთში 2015 წელს ფარიონის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა უკრაინაში რუსების წინააღმდეგ რეპრესიების მოწოდების, სიძულვილის გაღვივებისა და ადამიანის ღირსების დამცირების შესახებ მუხლით. რუსეთის პროპაგანდა ხშირად იყენებდა ფარიონს უკრაინაში რუსულენოვანი მოსახლეობის დევნის დასტურად.
თავად უკრაინაში, 2023 წელს ფარიონის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მათი ეროვნების მიუხედავად მოქალაქეების თანაბარი უფლებების დარღვევის, ასევე პატივისა და ღირსების შეურაცხყოფისა და მიმოწერის საიდუმლოების ხელყოფის შესახებ მუხლებით.