საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოში ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის უმნიშვნელოვანესი რგოლია. ამ სასამართლოს სამი დღის წინ, 15 ივლისს, პარლამენტის მიღებული კანონის გასაუქმებლად მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტი ამბობს, რომ „აგენტების კანონი“ არის „რუსული კანონი“, რომელიც ქვეყანას აშორებს ევროპისგან და აახლოებს რუსეთთან.
ასევე ნახეთ „აგენტების კანონის“ გასაუქმებლად პრეზიდენტის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდაპრეზიდენტის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს სრულმა შემადგენლობამ უნდა განიხილოს - მათ შორის ერთ-ერთია ვასილ როინიშვილი. მოსამართლე დეკლარაციაში წერს, რომ მისი ცოლი რუსეთის მრეწველობის და ვაჭრობის სამინისტროში იურიდიული დეპარტამენტის კანონპროექტებზე მუშაობის განყოფილების უფროსის მოადგილედ მუშაობდა.
ვასილ როინიშვილი საჯარო სამსახურში წამყვან თანამდებობებზეა 2000 წლიდან. უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იგი გახდა წინა ხელისუფლების („ნაციონალური მოძრაობის“) მმართველობის პერიოდში, საკონსტიტუციო სასამართლოში კი დაინიშნა „ქართული ოცნების“ დროს. როგორც რადიო თავისუფლებამ გაარკვია, ვასილ როინიშვილმა გასულ წელს იქორწინა და სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც დიანა ცინდელიანის სამუშაო ადგილის შესახებ ინფორმაცია პირველად ასახა დეკლარაციაში.
მოსამართლე დოკუმენტში აღნიშნავს, რომ მისმა ცოლმა 2023 წლის 1 იანვრიდან 6 ოქტომბრამდე 1130 რუბლი გამოიმუშავა, რაც დაახლოებით 35 ლარია. დეკლარაციაში შემოსავლების შესახებ არსებული ეს ჩანაწერი მიანიშნებს, რომ დიანა ცინდელიანი გასული წლის ოქტომბრის შემდეგ აღარ უნდა იკავებდეს რუსეთში თანამდებობას.
სოციალურ ქსელ LinkedIn-ის მიხედვით, დიანა ცინდელიანი რუსეთში მრეწველობის და ვაჭრობის სამინისტროში წლების განმავლობაში მუშაობდა. მას არ განუახლებია მონაცემები, რომლებითაც გაირკვეოდა, რომ მოსამართლეზე ქორწინების შემდეგ თანამდებობა დატოვა.
მოსამართლე როინიშვილის დეკლარაციის შესახებ რადიო თავისუფლება დაუკავშირდა საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახურს. იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე ისურვებს განმარტებების გაკეთებას, მასალა განახლდება.