ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს დაავადება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც იძულებული გახდა ნევადის შტატში საარჩევნო შეხვედრები ვადაზე ადრე შეეწყვიტა.
17 ივლისს, ტესტირების დადებითი პასუხის მიღების შემდეგ, პრეზიდენტი ბაიდენი ლას-ვეგასის აეროპორტიდან გაემგზავრა დელავერის შტატში და გამოჯანმრთელებამდე თავის სახლში, თვითიზოლაციაში იქნება. თვითმფრინავის ტრაპზე ასვლამდე ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს.
პრეზიდენტის ექიმმა კევინ ო’კონორმა მედიას აცნობა, რომ ჯო ბაიდენს სურდო და მსუბუქი ხველება აქვს და ანტივირუსულ პრეპარატ „პაქსლოვიდს“ იღებს. თეთრი სახლის პრესმდივნის, კარინ ჟან-პიერის ინფორმაციით, პრეზიდენტს კორონავირუსის მსუბუქი ფორმა აქვს, კარანტინის პერიოდს დელავერში, თავის სახლში გაატარებს და დროებით სახლიდან განაგრძობს მოვალეობის შესრულებას.
81 წლის ჯო ბაიდენს კორონავირუსი უკვე მესამედ აქვს. 2022 წელს აშშ-ის პრეზიდენტი ორჯერ დაინფიცირდა. პირადი ექიმის ინფორმაციით, ორივე შემთხვევაში დაავადება მსუბუქი ფორმის იყო. ჯო ბაიდენი COVID-19-ის საწინააღმდეგო Pfizer-BioNTech-ის ვაქცინით პირველად 2020 წლის დეკემბერში აიცრა და შემდეგ რამდენჯერმე ბუსტერ-დოზაც გაიკეთა. ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, პრეზიდენტის ექიმის ჩანაწერების მიხედვით, ჯო ბაიდენმა ბოლო ბუსტერ-დოზა 2023 წლის სექტემბერში მიიღო.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, ბოლო ხანს ქვეყანაში ისევ გაზრდილია COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები. მაგალითად, 6 ივლისს დასრულებული ერთი კვირის განმავლობაში, წინა კვირასთან შედარებით, მატება 23,5% იყო.
ასევე ნახეთ თეთრი სახლი უარყოფს, რომ პრეზიდენტ ბაიდენს პარკინსონის დაავადება აქვსბოლო ხანს ჯო ბაიდენს არაერთმა დემოკრატმა პოლიტიკოსმა და დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერმა მოუწოდა უარი თქვას ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრაზე.
ამერიკელ დემოკრატებში პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით გამოწვეული შეშფოთება გაიზარდა 27 ივნისის შემდეგ, როცა ჯო ბაიდენს წარუმატებელი დებატები ჰქონდა თავის მეტოქესთან, რესპუბლიკელების კანდიდატ დონალდ ტრამპთან.
დემოკრატები შიშობენ, რომ ბაიდენი თავისი მდგომარეობის გამო ვერ შეძლებს ტრამპთან წარმატებით ბრძოლას, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში, კიდევ ოთხი წლით ეფექტიანად მუშაობა გაუჭირდება. თავად ჯო ბაიდენი კანდიდატურის მოხსნას ჯერჯერობით არ აპირებს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართება.