Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრი სახლი უარყოფს, რომ პრეზიდენტ ბაიდენს პარკინსონის დაავადება აქვს


პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საარჩევნო მიტინგის შემდეგ პენსილვანიის შტატის ქალაქ ჰარისბერგის საერთაშორისო აეროპორტში, 2024 წლის 7 ივლისი
პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საარჩევნო მიტინგის შემდეგ პენსილვანიის შტატის ქალაქ ჰარისბერგის საერთაშორისო აეროპორტში, 2024 წლის 7 ივლისი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს, რომ ჯო ბაიდენს პარკინსონის დაავადება აქვს. თეთრ სახლს ისევ დასჭირდა მცდელობა პრეზიდენტ ბაიდენის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ეჭვების გასაფანტად მას შემდეგ, რაც გამოცემა The New York Times-მა დაწერა, რომ 2023 წლის ზაფხულიდან 2024 წლის გაზაფხულის ჩათვლით, თეთრ სახლში რვაჯერ იმყოფებოდა პარკინსონის დაავადების სპეციალისტი, ნევროლოგი კევინ კანარდი.

8 ივლისს, ჟურნალისტებმა ამ ვიზიტების შესახებ არაერთი შეკითხვა დასვეს თეთრი სახლის პრესმდივნის, კარინ ჟან-პიერის ბრიფინგზე. მან უარყო, რომ პრეზიდენტ ბაიდენს პარკინსონის დაავადება აქვს. პრესმდივნის განცხადებით, პრეზიდენტს ამ დაავადების გამო არც ადრე უმკურნალია, არც ახლა მკურნალობენ და არც რაიმე მედიკამენტს იღებს.

კარინ ჟან-პიერის ინფორმაციით, ჯო ბაიდენის ყოველწლიური სამედიცინო გამოკვლევები მოიცავს ნევროლოგის მონაწილეობასაც და მას არ გამოუვლენია პარკინსონის დაავადების არანაირი ნიშნები და არც ნერვული სისტემის რაიმე სხვა დარღვევა. თეთრი სახლის პრესმდივანმა უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე არ დააკონკრეტა, რომელი სპეციალისტი მონაწილეობდა პრეზიდენტის სამედიცინო შემოწმებაში.

თეთრ სახლში უარყვეს მედიით გავრცელებული ცნობაც, რომ შეერთებული შტატების ნატოელი მოკავშირეები ვაშინგტონის სამიტის წინ შეშფოთებას გამოთქვამდნენ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ვაშინგტონი ნატოს სამიტს 9-11 ივლისს უმასპინძლებს.

ამერიკელ დემოკრატებში პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით გამოწვეული შეშფოთება გაიზარდა 27 ივნისის შემდეგ, როცა ჯო ბაიდენს წარუმატებელი ტელედებატები ჰქონდა ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში თავის მეტოქესთან, რესპუბლიკელ დონალდ ტრამპთან.

მედიით გავრცელდა არაერთი ცნობა, რომ ბაიდენმა შესაძლოა, კანდიდატურა მოხსნას. თავად პრეზიდენტმა ეს გამორიცხა.

დონალდ ტრამპთან წარუმატებელი დებატების შემდეგ ჯო ბაიდენს კანდიდატურის მოხსნისკენ მოუწოდა რამდენიმე დემოკრატმა კანონმდებელმა.

8 ივლისს, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა წერილი გაუგზავნა კონგრესში დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებს, რომლებიც სამსახურს დაუბრუნდნენ შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღესთან (4 ივლისი) დაკავშირებული უქმეების შემდეგ.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ ყველა სპეკულაციის მიუხედავად მტკიცედ აპირებს საარჩევნო მარათონის ბოლომდე გავლას და დონალდ ტრამპის დამარცხებას. ბაიდენმა დემოკრატებს ერთიანობისა და წინსვლისკენ მოუწოდა.

აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნები 5 ნოემბერს ჩატარდება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG