აზრა ზეია საქართველოს მთავრობას: შეასწორეთ კურსი, შეასრულეთ საზოგადოების ევროპული მისწრაფებები

აზრა ზეია და ირაკლი კობახიძე

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, აზრა ზეიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“) დაწერა, რომ „აშშ კვლავ ღრმადაა შეშფოთებული საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო. მათ შორისაა „უცხოური გავლენის შესახებ კანონი“ და რიტორიკა, რომელიც ძირს უთხრის მის გზას ევროკავშირისკენ და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას“.

აზრა ზეია წერს: „მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეასწოროს კურსი და საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით საზოგადოების მისწრაფებები შეასრულოს“.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე აზრა ზეია საქართველოში 11 ივლისს ჩამოვიდა. ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში, იგი შეხვდა პრეზიდენტს, პარლამენტის დეპუტატებს "ქართული ოცნებიდან", ოპოზიციას, პრემიერ-მინისტრს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ცესკოს თავმჯდომარეს.

ასევე ნახეთ მმართველი პარტიის ლიდერების მიერ აშშ-ზე დეზინფორმაციის გავრცელება მტრის ინტერესებს ემსახურება - აზრა ზეია

მან "საგანგაშო" უწოდა სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წევრებზე ძალადობასა და დაშინებას და აღნიშნა, რომ "აშშ რომელიმე კონკრეტულ პარტიას არ უჭერს მხარს", თუმცა მოლოდინი აქვთ, რომ მომავალ არჩევნებზე პარტნიორები უზრუნველყოფენ "ნამდვილ, კონკურენტუნარიან და დემოკრატიულ პროცესს".