აზრა ზეია საკუთარ გზავნილებში საუბრობს ე.წ. აგენტების კანონზე, რომ ის აზიანებს ქართველ ხალხს და, ასევე, მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" ლიდერების მხრიდან აშშ-ის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებას "მტრის ინტერესების მსახურებას" უწოდებს.
იგი "საგანგაშოს" უწოდებს სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წევრებზე ძალადობასა და დაშინებას.
სახელმწიფო მდივნის მოადგილე ასევე აღნიშნავს, რომ "აშშ რომელიმე კონკრეტულ პარტიას არ უჭერს მხარს", თუმცა მოლოდინი აქვთ, რომ მომავალ არჩევნებზე პარტნიორები უზრუნველყოფენ "ნამდვილ, კონკურენტუნარიან და დემოკრატიულ პროცესს".
- "პირველი [გზავნილი] გახლავთ, რომ აშშ-ში ვართ უაღრესად შეშფოთებული საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით და დეზინფორმაციით, რომელიც ვრცელდება მმართველი პარტიის ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ გზას, აზიანებს ჩვენს პარტნიორობას და აზიანებს ადამიანის უფლებებს საქართველოში; ე.წ. უცხოური გავლენის კანონი აზიანებს ქართველ ხალხს და მათ შორის ძლიერ სამოქალაქო ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა მიმართულებით, მხარს უჭერენ ჯანდაცვას, სკოლებს, განათლებას, სოფლის მეურნეობას, მედიას და მრავალ სხვა სფეროს. სწორედ ამის შედეგად შეაჩერა ევროკავშირმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი, რაც საკმაოდ დიდი ძალისხმევის შედეგად მიიღწა. ანალოგიურად საგანგაშოა ძალადობა და დაშინება სამოქალაქო საზოგადოების წევრების, ოპოზიციური პარტიებისა, და კიდევ უფრო მეტსაც გეტყვით, მმართველი პარტიის ლიდერების მიერ დეზინფორმაციის გავრცელება მისი ერთგული და ხანგრძლივი პარტნიორის მიმართ, როგორიცაა აშშ, მხოლოდ მტრის ინტერესებს ემსახურება;
- მეორე გზავნილი: შეერთებული შტატები ურყევად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ყველა ქართველმა კარგად იცის, რომ უკვე მე-16 წელია რუსეთი აგრძელებს საქართველოს 20%-ის ოკუპაციას და არ ასრულებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს. დღეს ჩემი ვიზიტისას მქონდა შესაძლებლობა გამეცნო მამაცი ქართველი ქალები, რომლებსაც პუტინის აგრესიის შედეგად მოუხდათ საკუთარი სახლების დატოვება და გახდნენ დევნილები. მე მოვისმინე მათი ამბები, განცდები, ტანჯვა და, ამავდროულად, მათი სიმტკიცე. ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა და არ შეიცვლება: აშშ გააგრძელებს საქართველოს ასიათასობით დევნილი მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების მხარდაჭერას.
- მესამე გზავნილი: აშშ 32 წლის განმავლობაში არის საქართველოს ყველაზე დიდი მხარდამჭერი და ეს მხარდაჭერა მოიცავს ყველა ქართველისთვის თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი არჩევნების მხარდაჭერას, შეკრებისა და სიტყვის თავისუფლებას, კანონის უზენაესობის მხარდაჭერას. ძალიან მკაფიოდ ვიტყვი: აშშ რომელიმე კონკრეტულ პარტიას არ უჭერს მხარს, თუმცა ნამდვილად გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი პარტნიორები უზრუნველყოფენ ნამდვილ, კონკურენტუნარიან და დემოკრატიულ პროცესს. ეს, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის გადასაწყვეტია და ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ უფლებას, აირჩიონ თავიანთი წარმომადგენლები თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების შედეგად, რომელიც არის თავისუფალი ძალადობის, მუქარისა და დაშინებისგან. ნებისმიერი ტიპის ძალადობა უნდა დაიგმოს და უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავე პირები უნდა წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე", - ამბობს ზეია და, ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე "ძლიერ და შეუფერხებელ" საერთაშორისო საარჩევნო დაკვირვებას, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, აზრა ზეია საქართველოს 11 ივლისს ეწვია. ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში, იგი შეხვდა პრეზიდენტს, პარლამენტის დეპუტატებს "ქართული ოცნებიდან", ოპოზიციას, პრემიერ-მინისტრს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ცესკოს თავმჯდომარეს.
მაისში მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ - 84 ხმით მიიღო „აგენტების კანონი“. ამ კანონპროექტის მიღებას ქუჩაში ათასობით ადამიანი აპროტესტებდა, საქართველოს ხელისუფლებას კი პარტნიორი ქვეყნები მოუწოდებდნენ, უარი ეთქვა კანონის მიღებაზე, რადგან ის ქვეყნის ევროინტეგრაციას შეუშლიდა ხელს.
იმის მიუხედავად, რომ პარტნიორებისგან საქართველოს ხელისუფლებამ მკაფიო გაფრთხილებები მოისმინა, აშშ-მა კი „საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში“ პასუხისმგებელ პირებს სანქციები დაუწესა, მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ „აგენტების კანონი“ ქვეყანას ევროკავშირთან აახლოებს.
დამატებით, 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოსთან ურთიერთობის პოლიტიკის გადახედვის ფარგლებში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განუსაზღვრელი დროით გადადო საქართველოსთან ერთად დაგეგმილი სამხედრო წვრთნები, „ღირსეული პარტნიორი“ (Noble Partner), რომელსაც საქართველო 2016 წლიდან მასპინძლობდა.
შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება განპირობებულია საქართველოს „მთავრობის ცრუ ბრალდებებით შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ“.
ფორუმი