საფრანგეთში ცეცხლი გაუჩნდა რუანის გოტიკური ტაძრის კოშკს

მე-19 საუკუნეში რუანის გოტიკური ტაძარი რამდენჯერმე დახატა იმპრესიონისტმა მხატვარმა კლოდ მონემ.

საფრანგეთის ქალაქ რუანში (ნორმანდიის ოლქი) ხუთშაბათს, სარემონტო სამუშაოების დროს, ცეცხლი გაუჩნდა ადგილობრივი გოტიკური ტაძრის კოშკს.

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტაძარი როგორც საფრანგეთში, ასევე მსოფლიოში. მე-19 საუკუნეში ტაძარი რამდენჯერმე დახატა იმპრესიონისტმა მხატვარმა კლოდ მონემ.

ხანძრის ადგილიდან სოციალური მედიით გავრცელებულ პირველ კადრებში ჩანს ტაძრის სარკმლიდან ამომავალი შავი კვამლი. მოგვიანებით კვამლი შესუსტდა.

რუანის ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ტაძრიდან ყველა ადამიანი ევაკუირებულია, ადგილზე ოპერატიულად მივიდნენ სასწრაფო დახმარების სამსახურები. დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. მიმდინარეობს ზარალის მოცულობის დადგენა. რამდენიმე კვირის წინ ტაძრის კოშკის გარშემო ხარაჩოები დაამონტაჟეს.

როგორც სააგენტო „როიტერსი“ წერს, რუანის ტაძრის კოშკზე გაჩენილმა ხანძარმა ბევრს გაახსენა 2019 წელს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი გამანადგურებელი ხანძარი, რომლის შედეგად მთლიანად ჩაინგრა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სახურავი.

ასევე ნახეთ

როიტერსი: ცეცხლის შედეგად ჩაინგრა ნოტრ-დამის სახურავი საფრანგეთის სახანძროს წარმომადგენელი: შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნოტრ-დამის სტრუქტურა გადაურჩა დანგრევას