Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როიტერსი: ცეცხლის შედეგად ჩაინგრა ნოტრ-დამის სახურავი


სააგენტო როიტერსი თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ხანძრის შედეგად მთლიანად ჩაინგრა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სახურავი.

"დამწუხრებული ვარ, რადგან ახლა ყველა ჩვენგანის ნაწილი იწვის" - წერს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ტვიტერით. იუწყებიან, რომ პრეზიდენტი შემთხვევის ადგილთან აპირებს მისვლას.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს ცეცხლი სწრაფად მოედო. სოციალური მედიით ვრცელდება ფოტოები, რომლებზეც ასახულია კვამლი ღვთისმშობლის ტაძრის თავზე.

მეხანძრეებმა ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან და შენობებიდან ხალხი გაიყვანეს.

პარიზის პროკურორის ოფისი აცხადებს, რომ დაიწყო ხანძრის მიზეზების გამოძიება. პოლიციის ცნობით, მიზეზი უცნობია, თუმცა მეხანძრეები ვარაუდობენ, რომ ხანძარი შესაძლოა შენობაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს უკავშირდებოდეს.

ნოტრ-დამი, რომლის ისტორიაც მეთორმეტე საუკუნიდან იწყება, აღწერილია ვიქტორ ჰიუგოს კლასიკურ რომანში. მას ყოველწლიურად მილიონობით მნახველი სტუმრობს.

ნოტრ-დამში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, ზოგიერთ განყოფილებაში ხარაჩოები იდგა. იუწყებიან, რომ ბრინჯაოს ძეგლები იქიდან გასულ კვირაში გაიტანეს, რემონტის გამო.

XS
SM
MD
LG