უკრაინა მიიღებს საჰაერო თავდაცვის კიდევ ხუთ სტრატეგიულ სისტემას, რათა რუსეთის თავდასხმებისგან დაიცვას თავისი ქალაქები, სამოქალაქო მოსახლეობა და სამხედროები. ამ შინაარსის ერთობლივი განცხადება 9 ივლისს, ვაშინგტონში ნატოს სამიტის გახსნის შემდეგ, გამოაქვეყნეს ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის, იტალიის, რუმინეთის, ნიდერლანდის და უკრაინის ლიდერებმა.
აშშ, გერმანია და რუმინეთი უკრაინას დამატებით გადასცემენ საჰაერო თავდაცვის სისტემებს Patriot, ნიდერლანდი ამ სისტემების მუშაობისთვის საჭირო კომპონენტებს, ხოლო იტალია დამატებით სისტემას SAMP-T.
თეთრი სახლის ვებსაიტზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, გრძელდება მუშაობა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემების გადასაცემად.
უახლოეს თვეებში აშშ და მისი პარტნიორები აპირებენ უკრაინას მიაწოდონ საჰაერო თავდაცვის ათეულობით ტაქტიკური სისტემაც (NASAMS, HAWK, IRIS T-SLM, IRIS T-SLS, Gepard).
ასევე ნახეთ ჯო ბაიდენი ნატოს სამიტზე: „უკრაინას ძალუძს და ის შეაჩერებს პუტინს“უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის შეერთებულ შტატებს, გერმანიას, იტალიას, რუმინეთს და ნიდერლანდს მადლობა გადაუხადა უკრაინის საჰაერო თავდაცვის მხარდამჭერი ძლიერი გადაწყვეტილებისთვის.
გვიან ღამით, ზელენსკიმ სოციალურ ქსელში(X) დაწერა, რომ ვაშინგტონში, ნატოს სამიტზე პირველი სამუშაო დღე კონკრეტული შედეგით დაიწყო.
9 ივლისს ვაშინგტონში გაიხსნა ნატოს სამდღიანი სამიტი, რომელიც ჩრდილოატლანტიკური კავშირის დაფუძნებიდან 75-ე წლისთავს ეძღვნება. სამიტის მთავარი თემაა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი ომი.