ძლიერმა წვიმამ და ქარმა თბილისელები დააზარალა

ძლიერმა წვიმამ და ქარმა დედაქალაქი დააზარალა. 6 ივლისი, 2024 წელი.

ღამით მოსულმა ძლიერმა წვიმამ და ქარმა კრწანისის რაიონში 20-მდე ოჯახი დააზარალა - დაზიანებულია კერძო სახლების სახურავები, ხოლო რამდენიმე სახლი მთლიანად სახურავის გარეშე დარჩა. ამის შესახებ ინფორმაცია მედიას კრწანისის რაიონის გამგებელმა, ბექა მიქაუტაძემ მიაწოდა.

დაზარალებულები გამგეობებს დღის განმავლობაში მიმართავდნენ.

“უფრო ფონიჭალისკენ გვაქვს პრობლემები. ზემო ფონიჭალაში ხეები ამოვარდა, კორპუსებში წყალი სახურავებიდან შევიდა, შესამოწმებელია, ზოგ შემთხვევაში საწვიმრის გაჭედვის გამო იყო, აქედან გამომდინარე, მოსახლეობას წყალი ჩაუვიდათ... ჩვენი სამსახურის თანამშრომლები ყველასთან ადგილზე მიდიან და შემთხვევის იდენტიფიცირებას ახდენენ“, - აცხადებს ბექა მიქაუტაძე.

სხვადასხვა წყაროს ცნობით, ფონიჭალაში, წაქცეული ხე ავტოფარეხს დაეცა და ავტომობილიც დააზიანა; ხოლო საბურთალოზე, ერთ-ერთ მშენებარე სახლთან ამწე წაიქცა.

ძლიერმა წვიმამ და ქარმა თბილისში ხეები წააქცია. 6 ივლისი, 2024 წელი.

„გვიან ღამით თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა, რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი, პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს. განსაკუთრებული ზარალი მიადგა სამგორის, კრწანისისა და საბურთალოს რაიონებს.

უამინდობის შედეგად წაქცეულმა ხეებმა დააზიანა სახლები, ავტომობილები და კომუნიკაციები. რამდენიმე მისამართზე ძლიერმა ქარმა სახურავები გადახადა საცხოვრებელ სახლებს“, - ვკითხულობთ მერიის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში. ტექსტში მითითებულია, რომ „მთელი ღამის განმავლობაში, ყველა პრობლემურ ადგილზე, იმყოფებოდნენ მერიისა და გამგეობების წარმომადგენლები, შინაგან საქმეთა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად“ და „გაწმენდილია წაქცეული ხეებით ჩახერგილი გზები“.

რადიო თავისუფლება ცდილობს გაარკვიოს, რა ზომებს ატარებს დედაქალაქის მერია დაზარალებულების გამოსავლენად და რამდენად დიდია სტიქიით მიყენებული ზარალი.