„პაციენტი თეიმურაზ სიგუა გუშინ შემოიყვანეს, დღის მეორე ნახევარში, ცეცხლსასროლი [იარაღის] ჭრილობით - ორივე წვივის და ტერფის მიდამოში. ჭრილობები სისხლმდენი იყო, მოხდა პირველადი ქირურგიული დამუშავება. ჭრილობა გამავალია“, - უთხრა ჟურნალისტებს ექიმმა, ლაშა ჭელიძემ.
როგორც დაჭრილის დედა მედიასთან აცხადებს, 6 ივლისს, კლიენტის მისამართზე შეკვეთის მიტანის შემდეგ, მის შვილს დაახლოებით 8 ადამიანი დაუპირისპირდა - ჯერ სცემეს, ხოლო შემდეგ ტყვიები დაახალეს. ასევე, ოჯახის ინფორმაციით, შემთხვევა ნუცუბიძის პლატოზე, ხალხმრავალ ადგილას მოხდა, თუმცა ადგილიდან 112-სთვის არავის დაურეკავს.
სამართალდამცველებს ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.
ნათესავებისთვის საეჭვოა გავრცელებული ინფორმაცია, რომ დაზიანებები პნევმატური იარაღით არის მიყენებული. შoნაგან საქმეთა სამინისტროში იარაღის ტიპთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას არ ავრცელებენ. ჯერჯერობით არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა.
შს სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის შესაბამისად, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
ასევე ნახეთ "პირველივე გასროლით მივხვდი, რომ ეს იყო იარაღი" - თავდასხმები საჯარო სივრცეებში