რუსეთის ვორონეჟს დრონებით შეუტიეს

რუსეთის ვორონეჟის ოლქში, უპილოტო საფრენი აპარატების შეტევის შედეგად, ცეცხლი წაეკიდა, სავარაუდოდ, საბრძოლო მასალების საწყობს. ადგილობრივი ხელისუფლება იტყობინება, რომ საწყობში „ფეთქებადსაშიში ობიექტები“ ინახებოდა.

შემთხვევა კვირას, გამთენიისას, პოდგორენსკის რაიონში მოხდა. ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრ გუსევის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატები ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემამ მოიგერია, თუმცა დეტონაცია და ხანძარი მაინც გამოიწვიეს ჩამოყრილმა ნამსხვრევებმა.

ახლომდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების საევაკუაციოდ მოამზადეს ავტობუსები. „რეგიონში ოპერატიულ ვითარებას ვაკონტროლებ“, - წერს გუბერნატორი საკუთარ ტელეგრამარხზე.

უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის რეგიონებს, განსაკუთრებით ბოლო თვეებში, თითქმის ყოველდღიურად უტევენ დრონებით. რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს. უკრაინული მხარე მსგავს შემთხვევებს ძირითადად უკომენტაროდ ტოვებს.

რუსეთის მედია კვირას ღამით ასევე იუწყებოდა ძლიერ ხანძარზე ყირიმში, ბუნებრივი აირის გამანაწილებელი კვანძის ტერიტორიაზე. ვრცელდება ფოტო და ვიდეომასალები.