ბოლნისში ჩამოვარდნილი თვითმფრინავი სამხედრო სწავლებაში იყო ჩართული

სუ-25

თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში ჩამოვარდნილი თვითმფრინავი სუ-25 სამხედრო სწავლებაში იყო ჩართული.

კატასტროფის დროს დაიღუპა თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი კახაბერ ზურაბაშვილი.

კახაბერ ზურაბაშვილი 2022 წელს, მარნეულის სამხედრო აეროდრომში იმ ტიპის თვითმფრინავის წინ დგას, რომლითაც კატასტროფა განიცადა. SU-25-ს თავდაცვის სამინისტრო ყოველწლიურად იყენებს 26 მაისს სამხედრო აღლუმზე საქართველოს დროშის ფერებში ბოლის გასაშვებად

„აღნიშნული შემთხვევის მიზეზების დადგენის მიზნით, თავდაცვის უწყების შესაბამისი სამსახურები აწარმოებენ დეტალურ გამოკვლევას“, - წერია თავდაცვის სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე ნახეთ მსხვერპლი მოჰყვა ბოლნისში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას

ბოლნისის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 13:00 საათზე ჩამოვარდა სამხედრო თვითმფრინავი სუ-25.

„გარდაიცვალა ვინც მართავდა. სუ-ს მართავდა და, დიდი ალბათობით, სამხედრო იქნებოდა. აფეთქება მოხდა, არის გარდაცვლილი, რომელმაც ვერ მოასწრო კატაპულტირება. დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოხდა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას შემთხვევიდან რამდენიმე წუთში მერის წარმომადგენელმა ბოლნისის ადმინისტრაციულ ერთეულში, დიმიტრი მოდებაძემ.

ასევე ნახეთ ბოლნისის მუნიციპალიტეტში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა