ბოლნისის მუნიციპალიტეტში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

სუ-25 - საილუსტრაციო ფოტო

სამხედრო თვითმფრინავი, სავარაუდოდ, სუ-25 ჩამოვარდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველთან. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ერთ-ერთმა წყარომ დაუდასტურა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში ფაქტს ჯერჯერობით ოფიციალურად არ ადასტურებენ.

ასევე ნახეთ ბოლნისში ჩამოვარდნილი თვითმფრინავი სამხედრო სწავლებაში იყო ჩართული

განახლება

ქალაქ ბოლნისის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა დიმიტრი მოდებაძემ რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ თვითმფრინავი ბოლნისის მახლობლად, სამხედრო ბაზის მიმდებარედ ჩამოვარდა. მისი ცნობით, არის მსხვერპლი.

„ადგილზეა მერიც. მსხვერპლი არის, ერთი ადამიანია, როგორც მე ვიცი... [ჩამოვარდნილია] სუ-ს სერიის [საფრენი აპარატი]. თავდაცვის სამინისტროს კუთვნილია. აღნიშნულ ტერიტორიაზე საპარაშუტო სწავლებაა, მაგრამ ეს კონკრეტული სუ არ ემსახურებოდა ამ საქმეს. არ ვიცი რა სწავლება იყო“, - გვითხრა მან.

განახლება

თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში ჩამოვარდნილი თვითმფრინავი სუ-25 სამხედრო სწავლებაში იყო ჩართული.

კატასტროფის დროს დაიღუპა თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი კახაბერ ზურაბაშვილი.

„აღნიშნული შემთხვევის მიზეზების დადგენის მიზნით, თავდაცვის უწყების შესაბამისი სამსახურები აწარმოებენ დეტალურ გამოკვლევას“, - წერია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ასევე ნახეთ მსხვერპლი მოჰყვა ბოლნისში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას