უეფას ვებსაიტზე ესპანეთი-საქართველოს მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ევრო 2024-ზე

30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე, ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება. მატჩი გერმანიის ქალაქ კიოლნში გაიმართება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ბილეთების გაყიდვა დღეს, 28 ივნისს, თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყო უეფას ოფიციალურ ვებსაიტზე. ბილეთის ფასი 50-დან 500 ევრომდე მერყეობს.

სკრინი უეფას ოფიციალური ვებსაიტიდან

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 27 ივნისს გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმად, ბილეთი 30-დან 200 ევრომდე ეღირებოდა, თუმცა უეფას ვებსაიტზე ამ დროისთვის უფრო მაღალი ფასია მითითებული.

სკრინი უეფას ოფიციალური ვებსაიტიდან

ფეხბურთის ფედერაციამ ბილეთის შეძენის ინსტრუქციაც გამოაქვეყნა:

„პორტალზე შესასვლელად საჭიროა შექმნათ პირადი გვერდი ან ასეთის არსებობის შემთხვევაში გაიაროთ ავტორიზაცია. მომხმარებლის სრულყოფილი პროფილის შესაქმნელად დაგჭირდებათ საიტზე არსებული აუცილებელი ველების შევსება: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი ან პასპორტის ნომერი, საცხოვრებელი მისამართი, მობილური ტელეფონის ნომერი და ელ-ფოსტის მისამართი.

ბილეთების გაყიდვის პროცესის დაწყებისას უეფას პორტალი მოგანიჭებთ რიგის ნომერს. რიგი ჩაირთვება 28 ივნისს, თბილისის დროით 12:00 საათზე. ერთ მომხმარებელს ესპანეთისა და საქართველოს მატჩზე მაქსიმუმ 2 ბილეთის შეძენის შესაძლებლობა ექნება.

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ როგორც Alipay-ის ელექტრონული საფულით, ისე საბანკო ბარათებით (VISA ან Mastercard). ბილეთის ფასს ბანკის მოსაკრებელი არ ემატება.

სასურველი ბილეთის შერჩევისა და შესყიდვის განსახორციელებლად, თითოეულ მომხმარებელს 15 წუთი აქვს. საბანკო ოპერაციის დასრულების შემდეგ, ბილეთის შეძენის დამადასტურებელი წერილი თქვენი პირადი პროფილის შესაბამის განყოფილებაში აისახება და თქვენს მიერ მითითებულ პირად ელ-ფოსტაზე გამოიგზავნება. თამაშის ბილეთს, მოგვიანებით, მატჩამდე ერთი დღით ადრე მიიღებთ“.

26 ივნისს საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა პორტუგალია ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძის გოლებით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა.

ასევე ნახეთ საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფასგან 12.25 მილიონ ევროს მიიღებს
ასევე ნახეთ ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ნაკრები "ევრო 2024-ის" მერვედფინალში გავიდა