„სტრასბურგის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვისაც“ - სიღნაღელი კაცი 7 წლის წინ პოლიციაში ცემის შესახებ ჰყვება

სიღნაღი

„3 ნეკნი გამიტეხეს, საქმე არ გამოიძიეს… აგდებულ დამოკიდებულებაში ვიყავი. სტრასბურგის გადაწყვეტილებით, ჩემი სიმართლე დავამტკიცე“, - უთხრა რადიო თავისუფლებას სიღნაღელმა ვლადიმერ მჭედლიშვილმა შვიდი წლის წინ მომხდარი ფაქტის შესახებ. ის ახლა უკვე ყოფილ პოლიციელს ცემაში ადანაშაულებს.

იურისტებმა სისტემურ დანაშაულად შეაფასეს სიღნაღის პოლიციაში ნაცემი ვლადიმერ მჭედლიშვილის საქმე. პოლიციელი შვიდი წლის შემდგომ, მხოლოდ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, 2024 წლის ივნისში დააკავეს.

„გამიხარდა, რომ ჩემი მტკიცებულებები გაითვალისწინეს. საქმე გამოძიებაში ხელახლა წავიდა. მე ვფიქრობ, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია ჩემთვისაც და სახელმწიფოსთვისაც“, - გვითხრა ვლადიმერ მჭედლიშვილმა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანახმად, 2017 წლის 15 მაისს, საღამოს ვლადიმერ მჭედლიშვილი რამდენიმე მეგობართან ერთად იმყოფებოდა სიღნაღის პოლიციასთან მდებარე ქორწინების სახლთან და ლუდს სვამდა. ინსპექტორ-გამომძიებელმა გიორგი ნოზაძემ მჭედლიშვილს ლუდის სმის შეწყვეტა მოსთხოვა, რის შემდეგაც შელაპარაკდნენ.

პოლიციელმა მჭედლიშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავა და გადაიყვანა დაახლოებით 15 მეტრში მდებარე პოლიციის შენობაში, რომელიც მეორე დღეს მძიმე ტრავმებით დატოვა. სამედიცინო გამოკვლევით ვლადიმერ მჭედლიშვილს სამი ნეკნის მოტეხილობა დაუდგინეს. სხეულზე აღენიშნებოდა სხვადასხვა დაზიანებაც.

შვიდი წლის წინ, ვლადიმერ მჭედლიშვილს პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდნენ. სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ის ადმინისტრაციული წესით, 300 ლარით დააჯარიმა. ამის შემდეგ მჭედლიშვილმა და მისი ინტერესების დამცველმა ორგანიზაციამ, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა პროკურატურას მიმართეს და გამოძიების დაწყება მოითხოვეს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რომელიც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ეხება.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტ მარიამ პატარიძის ინფორმაციით, ორი წლის განმავლობაში პროკურატურა საქმეს ფაქტობრივად არ იძიებდა. 2019 წელს არასამთავრობო ორგანიზაციამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა.

ვლადიმერ მჭედლიშვილი

2023 წლის 14 დეკემბერს სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „მჭედლიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა - ადამიანის წამება, არაადამიანური თუ დამამცირებელი დასჯა ან მასთან ასეთი მოპყრობა დაუშვებელია) პროცედურული ასპექტის დარღვევა დაადგინა. მან დაასკვნა, რომ არ დარღვეულა კონვენციის მე-3 მუხლის მატერიალური ასპექტი.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, 2017 წელს მომხდარი ინციდენტიდან მალევე, ინსპექტორ-გამომძიებელი გიორგი ნოზაძე სიღნაღიდან სამუშაოდ გადაიყვანეს დასავლეთ საქართველოს პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში, სადაც 2021 წლამდე მუშაობდა. სამსახური პირადი განცხადებით დატოვა.

ვლადიმერ მჭედლიშვილის საქმე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს 2023 წლის დეკემბერში, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გადაეცა.

სასამართლო პროცესზე, რომელზეც აღკვეთის ზომის შეფარდება განიხილებოდა, გიორგი ნოზაძე ადვოკატის გარეშე იყო. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს და ირწმუნება, რომ გამოძიებას არანაირი მტკიცებულება არ აქვს.

თავის მხრივ, პროკურატურაში აცხადებენ, რომ ბრალის დასადასტურებლად საკმარისი მტკიცებულებები აქვთ. იმავეს ამბობს დაზარალებული ვლადიმერ მჭედლიშვილი.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტ მარიამ პატარიძის შეფასებით, ვლადიმერ მჭედლიშვილის საქმემ სისტემური დანაშაული აჩვენა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს დაზარალებული მჭედლიშვილისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 3 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. რაც შეეხება ყოფილ პოლიციელს, მას დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გიორგი ნოზაძის საქმეს განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო. მომდევნო სხდომა ხუთ აგვისტოსაა დანიშნული.

ასევე ნახეთ მოქალაქეზე ძალადობის საქმეზე პოლიციელი 7 წლის შემდეგ, მხოლოდ სტრასბურგის გადაწყვეტილების საფუძველზე დააკავეს

2024 წლის აპრილ-მაისში „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათგან 193 ადმინისტრაციული კოდექსით, ხოლო ცხრას გამოძიება სისხლის სამართლის დანაშაულს ედავება.

დაკავებულების თითქმის ნახევარი, სამართალდამცავების მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს. ამის შესახებ საუბრობს სახალხო დამცველიც.

ასევე ნახეთ რატომ შეიძლება თითქმის დანამდვილებით იმის თქმა, რომ სპეცრაზმელებს არ დასჯიან?