რუსეთის მიერ ოკუპირებულ ლუგანსკში 7 ივნისს რამდენიმე აფეთქება მოხდა. რუსეთის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო „რია-ნოვოსტის“ ცნობით, სარაკეტო იერიში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, სავარაუდოდ, ATACAMS-ის რაკეტებით განახორციელეს, რასაც მრავალსართულიანი სახლის სადარბაზოს ჩამონგრევა მოჰყვა.
ტელეგრამების არხებით უკვე გავრცელდა აფეთქების შედეგად დაზიანებული შენობის და მიმდებარე ტერიტორიის სურათები და ვიდეო.
წინასწარი ინფორმაციით, უკრაინის კონტროლირებადი ტერიტორიიდან ლუგანსკისკენ, სულ მცირე, ექვსი ATACMS-ის რაკეტა გაისროლეს. დაბომბვის შედეგად 22 ადამიანი დაშავდა, მათ შორის რვა წლის ბავშვი. ხუთსართულიანი შენობის ნანგრევების ქვეშ, სავარაუდოდ, არიან ადამიანები. ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამინისტრო მუშაობს. დაღუპულების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად არ გავრცელებულა.
რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური სამხედრო ბლოგერისა და ჟურნალისტის, დენის კაზანსკის ტელეგრამის არხზე დაყრდნობით წერს, რომ დარტყმა განხორციელდა ლუგანსკში მდებარე რუსეთის სამხედრო ბაზაზე.
ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არტიომ ლიზოგორი ავრცელებს ცნობას, რომ აფეთქების ადგილის სიახლოვეს მდებარეობს ასევე აეროპორტი, თვითმფრინავების სარემონტო ქარხანა და გადის რუსეთის საზღვართან დამაკავშირებელი მაგისტრალი, რომელზეც ფრონტის ხაზისკენ მიმავალი რუსეთის ჯარი და სამხედრო ტექნიკა გადაადგილდება.
უკრაინის ფრონტის ხაზზე განვლილი დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარმა რამდენიმე საავიაციო და სარაკეტო იერიში განახორციელა.
რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე მორიგი იერიში მიიტანეს რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით. ოთხ საათს გაგრძელდა ღამის სამი საათისთვის გამოცხადებული საჰაერო განგაში, რომლის დროსაც მოქალაქეები ვალდებული არიან, თავი უსაფრთხო ადგილებს შეაფარონ. ამოქმედებული იყო უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა.
ასევე ნახეთ
რუსეთმა უკრაინაზე მიიტანა მორიგი მასირებული შეტევაუკრაინაზე დრონებით მორიგი შეტევა იყო