რუსეთმა უკრაინაზე მორიგი იერიში მიიტანა უპილოტო საფრენი აპარატებით. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის, მიკოლა ოლეშჩუკის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული ღამის განმავლობაში, საოკუპაციო ძალებმა უკრაინას შეუტიეს „შაჰედის“ ტიპის 20 დრონით.
გენერალ-ლეიტენანტ ოლეშჩუკის თანახმად, უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის, პოლტავის, ვინიცის, ოდესის და ნიკოლაევის ოლქების ფარგლებში 20-ვე დრონი ჩამოაგდეს.
საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციებს შედეგებზე ჯერჯერობით არაფერი უთქვამთ.
17 მაისს რუსეთმა დრონებით მასირებულ შეტევაში უკრაინაც დაადანაშაულა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დილით განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში მოიგერიეს 100-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი.
გამთენიისას დრონებით შეტევა იყო რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქების, ნოვოროსიისკის და ტუაფსეს პორტსა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. ამის შესახებ რუსული ტელეგრამ-არხები იუწყებოდნენ. დრონებით თავდასხმა დაადასტურა ადგილობრივმა ხელისუფლებამ. უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული შეტევა იყო უკრაინის ქალაქ სევასტოპოლზეც, რომელიც 2014 წლიდან რუსეთის მიერაა ანექსირებული.
ფორუმი