მტკიცებულებაა, რომ ამ ქმედებების უკან დიმიტრი სამხარაძე დგას - საიას თავმჯდომარე

კადრი დიმიტრი სამხარაძის მიერ გავრცელებული ვიდეოდან.

მმართველი პარტიის "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრმა და პარლამენტის დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ ფეისბუკის პირად გვერდზე 31 მაისს გამოაქვეყნა პოსტი, რომელსაც ახლავს ვიდეო. კადრები ასახავს, როგორ ტოვებენ შეურაცხმყოფელი შინაარსის წარწერებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიებისა და მედიის წარმომადგენლების ოფისებსა თუ საცხოვრებელ სახლებთან ადამიანები, რომელთა სახე დაფარულია. ღამის საათებში გადაღებულ ვიდეოში ასევე ჩანს, როგორ ესვრიან კვერცხებს შენობებს, ისმის გინება.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე დიმიტრი სამხარაძის ფეისბუკპოსტში ხედავს მტკიცებულებას, რომ თანდართულ ვიდეოში ასახული მოქმედებების უკან, მმართველი პარტიის დეპუტატი დგას.

დიმიტრი სამხარაძე პოსტში წერს:

„ნეოფაშისტების, უსამშობლო აგენტების წამოწყებულ უხარისხო ბულინგს გუშინ პასუხი გაეცა! სულ მცირედსაც არ გაგიტარებთ და გაპატიებთ, აბულინგეთ ერთმანეთი! რასაც ჩვენს წინააღმდეგ განიზრახავთ, ათასჯერ უარესს, მტკივნეულს და ხარისხიანს დაგიბრუნებთ! სადმე გამოჩენა და მივარდნები კი არა, ერთმანეთის დანახვაც არ მოგინდებათ, ისე მოგექცევით! ძალიან აცუნდრუკებულები ხართ, სათითაოდ ვიცით თქვენი ვინაობა, ვერ გიშველიან თქვენი პატრონები, თუ ქართული ოცნების გუნდის ნებისმიერ წევრზე რაიმე ცუდს განახორციელებთ! რომ არ გამომრჩეს, უკან ყურებას თავი დაანებეთ, ჩვენ უკნიდან არავის ვეპარებით, წინ იყურეთ, რამეს ფეხი არ წამოკრათ! სტატუსს თან ვურთავ პასუხს, ვიდეო-რევოლუციის მსურველების ოფისებზე!

არასამთავრობოები:

1) „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“

2) „თბილისი პრაიდი“

3) „საფარი“

4) მოძრაობა „ნაბიჯი“

5) მოძრაობა „სირცხვილია“

6) „სასამართლოს გუშაგი“

7) „მთის ამბები“

8 „სტუდია მონიტორი“

9) მოძრაობა „ტალღა“

10) „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“ (სოროსის ფონდი)

11) „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“

12) „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - ბათუმი

13) „მწვანე სექტორი“ - ბათუმი

პარტიები:

1) „ლელო საქართველოსთვის“

2) „გირჩი-მეტი თავისუფლება“

3) „გირჩი - დროა“

4) „ლელო საქართველო“ - ახალგაზრდული

5) „ნაციონალური მოძრაობა“ - ცენტრალური

6) „ახალი“ - გვარამია მელია

7) „ენმ“ - ბათუმი

8 „ლელო“ - ბათუმი

9) „ახალი“ - ბათუმი

მცდელობის მიუხედავად რადიო თავისუფლებამ ვერ შეძლო დიმიტრი სამხარაძესთან დაკავშირება, მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა ჩვენთვის ცნობილ ორ ნომერზე. სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს პარტია "ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურშიც.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ფეისბუკპოსტი საკმარისი საბაბია გამოძიების დასაწყებად: ეს არის პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ ამ მოქმედების უკან დგას "ქართული ოცნების" დეპუტატი, რომელმაც ეს ყველაფერი აღბეჭდა. მისი ორგანიზებით მოხდა ეს და პოსტის შინაარსიც ამას ადასტურებს. ეს არის მტკიცებულება, რომელიც უნდა იყოს გამოძიებისთვის საყურადღებო და ამ ფაქტზე რეაგირება უნდა დაიწყოს შესაბამისმა საგამოძიებო ორგანომ“.

საიამ, მათი ოფისის ფასადზე გაკეთებული წარწერების გამო დილითვე მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და შინაგან საქმეთა სამინისტროსაც.

ქურდოვანიძის თქმით, ჩადენილ მოქმედებებში იკვეთება როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. ამასთან, შენობას, რომელშიც საიას აქვს ოფისი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი იცავს.

რადიო თავისუფლება შსს-სა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისგან ელოდება პასუხს, დაიწყებენ თუ არა ეს უწყებები გამოძიებას და, მათ შორის, გამოიკითხება თუ არა დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე.

უცხო პირებმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების პირად სატელეფონო ნომრებზე დარეკვა და მათ საცხოვრებელ სახლებსა თუ ოფისებთან შეურაცხმყოფელი წარწერების დატოვება „აგენტების კანონის“ მეორე მოსმენით მიღების შემდეგ დაიწყეს.

ასევე ნახეთ ასობით ადამიანს დაურეკეს მუქარის შემცველი ზარით - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური 

სახელმწიფო უწყებებს ამ ქმედებებზე პასუხისმგებელი პირები ამ დრომდე არ გამოუვლენიათ.

„აგენტების კანონი“ პარლამენტმა 28 მაისს, მასზე დადებული პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შედეგად მიიღო. ცნობილია, რომ ძალაში შესასვლელად მას ხელს პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს.