ხუთამდე გაიზარდა ხარკოვში რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი

31 მაისს ქალაქ ხარკოვში რუსული რაკეტა მოხვდა ხუთსართულიან სახლს

სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება უკრაინის ქალაქ ხარკოვში, სადაც რუსული რაკეტა მოხვდა ხუთსართულიან სახლს.

საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიღუპა ხუთი და დაშავდა 25 ადამიანი. მანამდე დადასტურებული იყო სამი ადამიანის სიკვდილი.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის, მიკოლა ოლეშჩუკის მიერ დღეს, 31 მაისს, დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, ღამის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხარკოვის ოლქს ბელგოროდის ოლქიდან შეუტიეს ხუთი საზენიტო მართვადი რაკეტით(С-300/С-400). უკრაინის თავდაცვის ძალებმა ამ რაკეტების მოგერიება ვერ შეძლეს.

უკრაინა საჰაერო თავდაცვის სისტემების ნაკლებობას განიცდის. კიევი პარტნიორი სახელმწიფოებისგან ითხოვს ამ საშუალებებით დამატებით დახმარებას, განსაკუთრებით ხარკოვის მიმართულებით.

ასევე ნახეთ კიევზე სარაკეტო შეტევა იყო

რუსეთის ჯარებმა 10 მაისიდან გაააქტიურეს სახმელეთო შეტევა უკრაინის ხარკოვის ოლქზე და ჩრდილოეთ ნაწილში დაიკავეს არაერთი დასახლებული პუნქტი. პარალელურად ინტენსიურად იბომბება ქალაქ ხარკოვის საცხოვრებელი რაიონები.

მაისის განმავლობაში ხარკოვში დაიღუპა რამდენიმე ათეული მშვიდობიანი მოქალაქე. მათ შორის 25 მაისს 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ჰიპერმარკეტ „ეპიცენტრზე“ ავიადარტყმას.