Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევზე სარაკეტო შეტევა იყო


კიევზე სარაკეტო შეტევა იყო 21 მარტსაც.
კიევზე სარაკეტო შეტევა იყო 21 მარტსაც.

უკრაინის დედაქალაქ კიევში და კიევის ოლქში ღამის განმავლობაში ორჯერ გამოცხადდა საჰაერო განგაში.

31 მაისს, დილით, უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა მიკოლა ოლეშჩუკმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევს კურსკის ოლქიდან შეუტიეს ფრთოსანი რაკეტით „ისკანდერი კ“, რომელიც უკრაინის საზენიტო სარაკეტო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს.

კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, მოგერიებული რუსული რაკეტის ნამსხვრევებით გამოწვეულმა ხანძარმა დააზიანა კერძო სახლი, ავტოსამრეცხაო, სასაწყობე შენობა და ექვსი ავტომობილი. არავინ დაშავებულა.

კერძო ენერგოკომპანია ДТЕК-ის ინფორმაციით, რუსული რაკეტის ნამსხვრევებმა კიევის გოლოსეევკის რაიონში ელექტროქსელები დააზიანა და ტრანსფორმატორი გაანადგურა, რის გამოც ენერგომომარაგება შეუწყდა დედაქალაქის არაერთ უბანს. .

ღამის განმავლობაში სარაკეტო შეტევა იყო უკრაინის ქალაქ ხარკოვზეც, სადაც სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და 23 დაშავდა.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის, მიკოლა ოლეშჩუკის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხარკოვს ბელგოროდის ოლქიდან შეუტიეს ხუთი საზენიტო მართვადი რაკეტით(С-300/С-400). უკრაინის თავდაცვის ძალებმა ამ რაკეტების მოგერიება ვერ შეძლეს.

უკრაინა საჰაერო თავდაცვის სისტემების ნაკლებობას განიცდის. კიევი პარტნიორი სახელმწიფოებისგან ითხოვს ამ საშუალებებით დამატებით დახმარებას, განსაკუთრებით ხარკოვის მიმართულებით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG