რუსეთმა უკრაინაზე მორიგი იერიში მიიტანა რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის, მიკოლა ოლეშჩუკის მიერ სოციალური ქსელებით დღეს, 30 მაისს, დილით გავრცელებული ინფორმაციით, ღამის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის სამხედრო და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიიტანეს სარაკეტო-საავიაციო შეტევა.
გენერალ-ლეიტენანტ ოლეშჩუკის ცნობით, რვა საზენიტო მართვადი რაკეტა(С-300/С-400) იყო გამოყენებული ხარკოვის ოლქში. უკრაინის სხვა რეგიონებს სტრატეგიული ავიაციის თვითმფრინავებიდან შეუტიეს 11 ფრთოსანი რაკეტით(Х-101/Х-555). გამოყენებული იყო „შაჰედის“ ტიპის 32 უპილოტო საფრენი აპარატიც.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის თანახმად, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა შვიდი ფრთოსანი რაკეტა და 32-ვე დრონი ჩამოაგდეს ხმელნიცკის, დნეპროპეტროვსკის, ჩერკასის, კიროვოგრადის, ზაპოროჟიეს, ოდესის, ხერსონის, ვინიცის და კიევის ოლქებში.
ასევე ნახეთ ანექსირებულ ყირიმზე მორიგი შეტევა იყოდილის მონაცემებით, დნეპროპეტროვსკის ოლქში დაზიანებულია სახლები და ელექტროგადამცემი ხაზები. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის.
ხარკოვის ოლქში, სადაც უკრაინის თავდაცვის ძალებმა ვერცერთი რაკეტა ვერ მოიგერიეს, ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაზიანებულია სახლები, საწარმო, სასწავლო დაწესებულება, ადმინისტრაციული შენობა და კრიტიკული ინფრასტრუქტურა. წინასწარი მონაცემებით, დაიჭრა შვიდი ადამიანი.
25 მაისს ხარკოვში 19 ადამიანი დაიღუპა ჰიპერმარკეტ „ეპიცენტრზე“ დარტყმის შედეგად.