ამის შესახებ ორგანიზაცია ფეისბუქზე ავრცელებს განცხადებას და თან ურთავს ონის მერიისთვის გაგზავნილ წერილს.
"28 მაისს, საქართველოს ხელისუფლების მიერ კანონზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებული გადაწყვეტილება უკვე უარყოფითად აისახა ჩვენი ფონდის მუშაობაზე. სამწუხაროდ, იძულებული ვართ შევწყვიტოთ 2023 წელს დაწყებული თანამშრომლობა ონის მუნიციპალიტეტის მერიასთან ონში ბავშვთა უფასო სტომატოლოგიური კლინიკის გახსნასთან დაკავშირებით. პროექტზე მუშაობის დაწყება შესაძლებელი გახდა ონის მოსახლეობის დიდი თხოვნის და აქტიური ჩართულობის შედეგად", - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.
მათივე დაზუსტებით, ინფორმაცია ეხება ბავშვთა უფასო სტომატოლოგიურ კლინიკას, რომლის გახსნაც ონში იგეგმებოდა და არა ამბროლაურში არსებულ, უკვე ფუნქციონირებად მათივე ფონდის კლინიკას.
ონის მერიისთვის გაგზავნილ წერილში ორგანიზაცია განმარტავს გადაწყვეტილების მიზეზებს და წერს, რომ "აგენტების კანონის" მიღების გამო საფრთხის ქვეშაა მათი მიმდინარე პროექტებიც:
"კანონი სერიოზულ გამოწვევას უქმნის ჩვენს ორგანიზაციას, რადგან გვავალდებულებს, დავრეგისტრირდეთ როგორც უცხოური ინტერესების მატარებელი. ჩვენი ორგანიზაცია დაარსების დღიდან ახორციელებს სოციალურ და საგანმანათლებლო პროექტებს, რომლებიც მიმართულია რაჭის მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებისკენ. შესაბამისად, ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ ჩვენი ორგანიზაცია უნდა იყოს უცხოური ინტერესების მატარებელი რეესტრში.
ახალი კანონის თანახმად, მოსალოდნელია, რომ დაგვაკისრონ ჯარიმები და შეგვიქმნან ფინანსური სირთულეები. ამ ვითარებიდან გამომდინარე, სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობის სივრცე აღარ გვრჩება. გარდა ამისა, არ შეგვიძლია დამატებითი ფინანსური ვალდებულებების აღება და ახალ სოციალურ პროექტებში ინვესტირება, მაშინ როცა ჩვენი მიმდინარე პროექტებიც საფრთხის ქვეშ არის ახლად შემოღებული კანონის გამო".
განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ მათ მრავალჯერ, უშედეგოდ სცადეს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მაჟორიტარ დეპუტატთან, გოჩა ენუქიძესთან შეხვედრა, რათა განეხილათ "აგენტების კანონის" მოსალოდნელი უარყოფითი გავლენა რაჭის მოსახლეობაზე.
28 მაისს საქართველოს პარლამენტმა არ გაიზიარა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, დაძლია „აგენტების კანონზე“ დადებული ვეტო და 84 ხმით კანონი საბოლოოდ დაამტკიცა. პროცესი საპროტესტო აქციის ფონზე წარიმართა.
კანონის ძალაში შესასვლელად საჭიროა, მას ხუთი დღის ვადაში პრეზიდენტმა მოაწეროს ხელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონპროექტს ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.
„აგენტების კანონი“ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად აცხადებს იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა მიღებული. ისინი სპეციალურ რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ და ყოველწლიურად შეავსონ საფინანსო დეკლარაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველ ჯერზე 25 ათასი ლარით დაჯარიმდებიან.
კანონის გამოქვეყნების შემდეგ, იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 60 დღე ექნებათ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა“ რეესტრის შესაქმნელად. როცა ეს ეტაპიც დასრულდება, „უცხოელი აგენტების“ რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულო გახდება.
ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ საქართველოში მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების, დასავლეთის არაერთი დაჟინებული მოწოდებისა და ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის დასკვნის მიუხედავად, „ქართული ოცნების” ხელისუფლება აცხადებდა, რომ არ აპირებდა უარი ეთქვა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონზე.
„აგენტების კანონზე" პრეზიდენტის ვეტოს დაძლევამდე რამდენიმე დღით ადრე, 23 მაისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაქვეყნა გადაწყვეტილება: „საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის გამო სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის გამოცხადება და აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა”.
ვაშინგტონმა გადაწყვიტა, რომ სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს „ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც დემოკრატიას ძირს უთხრიან, და მათი ოჯახის წევრებსაც. ჯერჯერობით არცერთი კონკრეტული პირი დასახელებული არ არის. გარდა ამისა, აშშ გადახედავს საქართველოსთან თანამშრომლობას. მიზეზი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონი და მასთან დაკავშირებული მოვლენებია, მათ შორის „პროტესტის ჩახშობის მიზნით გამოყენებული რეპრესიული ტაქტიკა".
კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში საპასუხო ზომების მიღებას აპირებს ევროკავშირიც. მანამდე არაერთხელ ითქვა, რომ კანონი ააცდენს საქართველოს, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირში გაწევრიანების გზას და ის არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს.
ასევე ნახეთ ევროკავშირი ყველა ვარიანტს განიხილავს რეაგირებისთვის - ევროკომისია "აგენტების კანონის" მიღებაზე