ბრიუსელში, საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ბორელმა აღნიშნა, რომ განხილვის თემა იყო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში.
"მოსაზრებები გავცვალეთ 'უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონთან' დაკავშირებით საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე. ზოგიერთი წევრი სახელმწიფო მიიჩნევს, რომ ეს საკითხი არც ისე მნიშვნელოვანია, სხვები ფიქრობენ, რომ ეს კანონი ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება. იქვე ახსენეს ვენეციის კომისიის დასკვნა, რომლის მიხედვით, ჩვენ მოვუწოდებთ [საქართველოს] ხელისუფლებას, გაიწვიოს ეს კანონი.
ჩვენ დავიწყეთ იმის განხილვა, რა იქნებოდა შესაფერისი პასუხი, თუკი ეს კანონი ამოქმედდება. ამის შესახებ გადაწყვეტილებას ივნისში მივიღებთ. წევრი სახელმწიფოები მზად არიან გადაწყვეტილებისთვის, როდესაც არ სრულდება ჩვენი ღირებულებები, საერთაშორისო სამართალი, არ სრულდება ევროპული გზა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ყველგან, მსოფლიოში. ჩვენ ვიმსჯელეთ მომავალ არჩევნებზე. ქართველმა ხალხმა ქვეყნის ტრაექტორიას უნდა მისცეს ხმა. მთავრობის ქმედებებმა, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს იმ ბენეფიტებზე, რომლებსაც სიამოვნებით იღებენ ევროკავშირში ინტეგრაციის შედეგად, მაგრამ ახლა გადაწყვეტილება არ მიგვიღია", - განაცხადა ბორელმა.
27 მაისს ბრიუსელში გაიმართა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა, რომელსაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი ხელმძღვანელობდა.
ასევე ნახეთ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო განიხილავს საქართველოს საკითხსროგორც შეხვედრის დაწყების წინ ჟოზეპ ბორელმა მედიასთან საუბარში განაცხადა, “ეს იქნება პირველი მომენტი, როცა მინისტრები შეაფასებენ საქართველოში არსებულ ვითარებას“.
დღესვე საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას.
ასევე ნახეთ ბაიდენი და მე დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს მოვლენებს საქართველოში - კამალა ჰარისი14 მაისს ხალხმრავალი პროტესტისა და უცხოელი პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო „აგენტების კანონი“, 18 მაისს კი მას პრეზიდენტმა ვეტო დაადო და კიდევ ერთხელ უწოდა „რუსული კანონი“.
კანონის წინააღმდეგ საქართველოში მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლებისა და დასავლეთიდან მოწოდებების, ასევე ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნის მიუხედავად, „ქართული ოცნება” არ აპირებს, უარი თქვას კანონზე.
პარლამენტი, რომელშიც უმრავლესობას „ქართული ოცნება“ ფლობს, სამშაბათს, 28 მაისს დანიშნულ პლენარულ სხდომაზე გეგმავს ვეტოს დაძლევას.