ჰელსინკის კომისია აქვეყნებს ინფორმაციას MEGOBARI Act-ის შესახებ

აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობა

ჰელსინკის კომისია აქვეყნებს განცხადებას MEGOBARI აქტისა და მისი ძირითადი დებულებების შესახებ, რომელიც მიმართულია საქართველოში დემოკრატიის განმტკიცების, ადამიანის უფლებებისა და საქართველოში კანონის უზენაესობისკენ.

ამასთანავე, ის კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და დაუპირისპირდეს ავტორიტარული რეჟიმების, განსაკუთრებით რუსეთის გავლენებს, ნათქვამია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.

MEGOBARI აქტის ძირითადი დებულებები

დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა - აქტი განსაზღვრავს აშშ-ის პოლიტიკას საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დასაცავად. იგი აღიარებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან პროგრესს და ხაზს უსვამს დემოკრატიის გაძლიერების მნიშვნელობას რეგიონული სტაბილურობისათვის.

მიმართვა დემოკრატიულ უკუსვლას - საქართველოში ბოლოდროინდელი დემოკრატიული უკუსვლის საპასუხოდ, აქტი მოითხოვს საქართველოს მთავრობის ქმედებების, რუსეთსა და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან მისი კავშირების გაძლიერებულ შესწავლას.

ანგარიშგება და სანქციები - არასათანადო გავლენა და სანქციების თავიდან აცილება: ანგარიშები საქართველოში კორუფციული პრაქტიკის შესახებ, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის ინტერესებს და სანქციების თავიდან აცილებას.

რუსეთის სადაზვერვო აქტივები - საქართველოში რუსული დაზვერვის შეღწევისა და ჩინეთის პოტენციური თანამშრომლობის შეფასება.

სანქციები ქართველ პირებზე - იდენტიფიკაცია, სანქციებისა და მოგზაურობის აკრძალვის დაწესება იმ პირებისთვის, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიას საქართველოში.

დემოკრატიის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის შექმნა - სამუშაო ჯგუფი შექმნილი იქნება საქართველოში დემოკრატიული გარემოს მონიტორინგისა და ხელშეწყობისთვის, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში, რათა უზრუნველყოს სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო პროცესები.

ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება და მხარდაჭერა - საქართველოში მნიშვნელოვანი დემოკრატიული პროგრესის დადასტურების შემდეგ, აქტი ასახავს აშშ-ის შემდგომ დახმარებას, მათ შორის:

  • მოლაპარაკებები საქართველოსთან უფრო შეღავათიანი სავაჭრო ხელშეკრულების დადებაზე;
  • გაცვლის გაფართოება და სავიზო რეჟიმის გამარტივება;
  • ეკონომიკური პაკეტის შემუშავება;
  • უსაფრთხოებისა და თავდაცვითი მხარდაჭერის უზრუნველყოფა რუსეთის აგრესიის დასაძლევად.

„საქართველოს მოსკოვისკენ უბიძგებენ. ჩვენ გვაქვს ვალდებულება ქართველი ხალხის წინაშე, რომ მათ დავეხმაროთ დემოკრატიისა და პროდასავლური მომავლის დაცვაში“, - ამბობს კონგრესმენი სტივ კოენი, რომლის თქმითაც, სწორედ ამას აკეთებს ეს კანონპროექტი, „რომელიც ქმნის საფუძველს ახალი გვერდისთვის უფრო ძლიერი და გაფართოებული ორმხრივი პარტნიორობისთვის“.

„ვლადიმირ პუტინი არის დიქტატორი, რომელსაც ყველა საშუალებით სურს აღადგინოს საბჭოთა იმპერია. შეერთებული შტატები ყოველთვის შეეწინააღმდეგება პუტინის მცდელობებს დაარღვიოს თავისუფლება და დემოკრატია, - აცხადებს კონგრესმენი რიჩარდ ჰადსონი, - "ეგობარი აქტი" არის საკვანძო ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული მისწრაფებების მხარდასაჭერად და ქვეყანაში რუსეთის გავლენის საწინააღმდეგოდ“.

20 მაისს ორ ამერიკულ გამოცემაში - „პოლიტიკოსა“ (Politico) და „ჰილში“ (The Hill) - გამოქვეყნდა ცნობა, რომ შეერთებული შტატების კონგრესს უახლოეს პერიოდში წარედგინებოდა კანონპროექტი - MEGOBARI აქტი.

კანონპროექტის ინგლისური დასახელების აბრევიატურა, რომელიც ემთხვევა ქართულ სიტყვა „მეგობარს“ და შეერთებული შტატების საქართველოსადმი დამოკიდებულების სიმბოლოდაა ჩაფიქრებული, ასე ითარგმნება: „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“ (Mobilizing and Enhancing Georgia’s Options for Building Accountability, Resilience, and Independence Act).

შეერთებული შტატების კონგრესში ინიციირებული აქტი - MEGOBARI - „აგენტების კანონის“ საბოლოოდ მიღების შემთხვევაში სანქციებით ემუქრება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, დემოკრატიის გზაზე დაბრუნების შემთხვევაში კი - სამხედრო და ეკონომიკური თანამშრომლობის პაკეტს ჰპირდება.

ამასთანავე, 23 მაისს, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაქვეყნა გადაწყვეტილება: „საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის გამო სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის გამოცხადება და აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა“.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა, რომ სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც დემოკრატიას ძირს უთხრიან და მათი ოჯახის წევრებსაც. ჯერჯერობით არცერთი კონკრეტული პირი დასახელებული არ არის. გარდა ამისა, აშშ გადახედავს საქართველოსთან თანამშრომლობას.

მიზეზი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი და მასთან დაკავშირებული მოვლენებია, მათ შორის - „პროტესტის ჩახშობის მიზნით გამოყენებული რეპრესიული ტაქტიკა“. ამასთან, აშშ-ში ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ „ქართული ოცნება“ კანონზე უარს იტყვის.

„ქართული ოცნება“ MEGOBARI აქტის მიღების პერსპექტივას „ძალზე ბუნდოვანს“ უწოდებს, წინმსწრებად ამბობს უარს „აგენტების კანონის“ გაწვევასა და უკან დახევაზე, შტატებს კი შანტაჟში ადანაშაულებს და ეუბნება: „საქართველოს ხელისუფლება არ თამაშობს“.

ასევე ნახეთ განცხადება „ქართველი ხალხის აქტის“ შესახებ - ქართველი ჩინოვნიკების პასუხისმგებლობა
ასევე ნახეთ „ოცნებას“ არ სურს, იყოს ვაშინგტონის MEGOBARI
ასევე ნახეთ სანქციები შტატებისგან: ვინ როდის რას უნდა ელოდოს?
ასევე ნახეთ "სავიზო აკრძალვები და სხვა სანქციები" - Fox News-ი MEGOBARI აქტის შინაარსზე წერს
ასევე ნახეთ "ქართველი ხალხის აქტი" - სენატს კიდევ ერთი კანონპროექტი წარედგინება