საქართველოს ოფიციალური პირების სანქცირებაზე, აშშ-ის კონგრესში წარსადგენი კანონპროექტის - MEGOBARI აქტის - შინაარსზე Fox News Digital-ი წერს.
მათი ცნობით, "დოკუმენტი ასახავს სავიზო აკრძალვების დაუყოვნებლივ განხილვას იმ ძირითადი პირებისთვისა და მათი ოჯახებისთვის, რომლებიც მატერიალურად ან პირდაპირ პასუხისმგებელნი არიან პარლამენტში 'რუსული სტილის უცხოეთის აგენტების კანონის ადვოკატირებაზე, მიღებასა და პოტენციურ ამოქმედებაზე.'
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სანქციების დაწესებას ქვეყნის პოლიტიკური ან სამთავრობო ხელმძღვანელობის, ბიზნესწრეების, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც 'პასუხისმგებელნი არიან რუსული სტილის უცხოეთის აგენტების კანონის განვითარებაზე, ასევე ოპოზიციური სამოქალაქო საზოგადოების ჩახშობაზე'".
კანონპროექტის თანახმად, ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში სახელმწიფო მდივანმა უნდა დაადგინოს ის ძირითადი პირები საქართველოს მთავრობაში ან მათი აგენტები, რომლებსაც აქვთ "საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების ან უსაფრთხოების შელახვის ან დაზიანების მატერიალური პასუხისმგებლობა“.
კანონპროექტი ასევე სთხოვს აღმასრულებელ ხელისუფლებას, მოამზადოს ანგარიში უკრაინასთან დაკავშირებული სანქციების თავიდან აცილების შესახებ საქართველოში, ისევე როგორც ანგარიში ქვეყანაში რუსული დაზვერვის აქტივებზე.
Fox News-ის ცნობითვე, სამხრეთ კაროლინის რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო ვილსონი ხუთშაბათს წარადგენს პროექტს. მათთვისვე მიცემულ წერილობით განცხადებაში ვილსონმა განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" და კრემლი სერიოზულად არ უყურებენ შეერთებულ შტატებს.
"მათ ჰგონიათ, რომ ვიტყუებით, როდესაც ვამბობთ, რომ შედეგები მოჰყვება ამერიკის შეერთებული შტატებისა და ქართველი ხალხის კავშირზე თავდასხმას. MEGOBARI აქტი აჩვენებს, რომ შეერთებული შტატები უპასუხებს ქართველი ხალხის თავისუფლებისა და პროდასავლური მომავლისადმი მათი ერთგულების შეწყვეტას. ეს ასევე აჩვენებს, რომ კონგრესს სურს ძლიერი და ნათელი მომავალი ორ ქვეყანას შორის და რომ ჩვენ არ ვაპირებთ მხოლოდ საუბარს, არამედ - რაიმეს გაკეთებას", - განაცხადა ვილსონმა.
20 მაისს ორ ამერიკულ გამოცემაში - „პოლიტიკოსა“ (Politico) და „ჰილში“ (The Hill) - გამოქვეყნდა ცნობა, რომ შეერთებული შტატების კონგრესს მიმდინარე კვირაში წარედგინება კანონპროექტი - MEGOBARI აქტი.
კანონპროექტის ინგლისური დასახელების აბრევიატურა, რომელიც ემთხვევა ქართულ სიტყვა „მეგობარს“ და შეერთებული შტატების საქართველოსადმი დამოკიდებულების სიმბოლოდაა ჩაფიქრებული, ასე ითარგმნება: „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“. (Mobilizing and Enhancing Georgia’s Options for Building Accountability, Resilience, and Independence Act)
კანონპროექტი ერთდროულად ორ სცენარზეა გათვლილი და „ქართულ ოცნებას“ სთავაზობს „თაფლაკვერსა და ჯოხს“ - მოიცავს სამხედრო დახმარებას და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასაც და სანქციებსა და ურთიერთობების ძირფესვიან გადახედვასაც.
შეერთებული შტატების კონგრესში ინიციირებული აქტი - MEGOBARI - „აგენტების კანონის“ საბოლოოდ მიღების შემთხვევაში სანქციებით ემუქრება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, დემოკრატიის გზაზე დაბრუნების შემთხვევაში კი სამხედრო და ეკონომიკური თანამშრომლობის პაკეტს ჰპირდება.
„ქართული ოცნება“ აქტის მიღების პერსპექტივას „ძალზე ბუნდოვანს“ უწოდებს, წინმსწრებად ამბობს უარს „აგენტების კანონის“ გაწვევასა და უკან დახევაზე, შტატებს კი შანტაჟში ადანაშაულებს და ეუბნება: „საქართველოს ხელისუფლება არ თამაშობს".
„აგენტების კანონის" წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე ხალხმრავალი საპროტესტო აქციების და პარტნიორი სახელმწიფოების მკაცრი კრიტიკისა და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა რუსული სტილის ამ კანონზე, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ 14 მაისს მესამე მოსმენით, 84 ხმით მიიღო „კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ".
ფორუმი