"ემსახურეთ საქართველოს" - ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები შსს-ს შენობამდე მსვლელობას მართავენ

აქცია-მსვლელობა თავისუფლების მოედნიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომდე. 24 მაისი, 2024 წელი

ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქცია-მსვლელობა გაიმართა თბილისში. მომიტინგეები თავისუფლების მოედნიდან დაიძრნენ და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობამდე წავიდნენ.

აქციის მონაწილეებს გაშლილი ჰქონდათ დიდი ბანერი წარწერით, "ემსახურეთ საქართველოს", ეჭირათ საქართველოს, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები. აქცია-მსვლელობით მათ გააპროტესტეს ის პოლიტიკას, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს, მათ შორის, იგულისხმება "აგენტების კანონის" მოწინააღმდეგე დემონსტრანტების დაკავება, დაჯარიმება და მათ წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმეების წარმოება.

მსვლელობა "თავისუფლების მარში" შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დასრულდა. აქციის მონაწილეებმა ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები შეასრულეს და ევროკავშირის დროშა გაშალეს.

პარლამენტის იურიდიული კომიტეტი „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის მიერ დადებულ ვეტოს 27 მაისს განიხილავს.

საქართველოს პრეზიდენტმა ვეტოს პროცედურის გამოყენებით კანონპროექტს მხოლოდ ერთი წინადადება დაამატა: „ეს კანონი მოქმედებს ამოქმედებიდან ერთი დღის განმავლობაში".

პროცედურის მიხედვით, პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში შესწორების შეტანა შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს და შეკითხვებს დასვამენ პარლამენტის წევრები. ამის შემდეგ კომიტეტი მოტივირებულ შენიშვნებს კენჭს უყრის, რომლის შედეგებისგან დამოუკიდებლად, საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჯერ კენჭს უყრიან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს (ვეტოს), მისი ჩაგდების შემთხვევაში კი სამი მოსმენით მიღებული კანონპროექტისთვის კიდევ ერთ კენჭისყრაზე ხმის მიცემაა საჭირო (არანაკლებ 76 მომხრე) იმისთვის, რომ ვეტო დაძლეულად ჩაითვალოს (საპარლამენტო უმრავლესობა 80-ზე მეტ ხმას აკონტროლებს).

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა წინასწარ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ვეტოს დაძლევას აპირებს. კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე, სავარაუდოდ, 28 მაისს უყრიან კენჭს.

ასევე ნახეთ პოლიციამ 180-ზე მეტი ადამიანი დააკავა "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციებზე 15 აპრილიდან 15 მაისამდე