აშშ საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა, რომ სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს „ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც დემოკრატიას ძირს უთხრიან და მათი ოჯახის წევრებსაც. ჯერჯერობით არცერთი კონკრეტული პირი დასახელებული არ არის. გარდა ამისა, აშშ გადახედავს საქართველოსთან თანამშრომლობას.

მიზეზი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონი და მასთან დაკავშირებული მოვლენებია, მათ შორის „პროტესტის ჩახშობის მიზნით გამოყენებული რეპრესიული ტაქტიკა". ამასთან, აშშ-ში ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ „ქართული ოცნება" კანონზე უარს იტყვის.

23 მაისს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაქვეყნა გადაწყვეტილება: „საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის გამო სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის გამოცხადება და აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა”.

„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ შეიმუშავა და მიიღო „უცხოეთის გავლენის“ კანონი, რომელიც ხელს შეუშლის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობას, მოახდენს იმ ორგანიზაციების სტიგმატიზაციას, რომლებიც ემსახურებიან საქართველოს მოქალაქეებს და შეაფერხებს დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციების საქმიანობას, რომლებიც მუშაობენ, რათა ქართველებმა მაღალი ხარისხის ინფორმაცია მიიღონ".

„მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეებმა ხმა აიმაღლეს კანონის წინააღმდეგ, ჩვენ ვნახეთ დაშინების კამპანიის ნიშნები და ძალადობის გამოყენება მშვიდობიანად გამოხატული განსხვავებული აზრის ჩასახშობად. ორივე, როგორც „ეროვნული უსაფრთხოების კანონი“, ისე ლეგიტიმური პროტესტის ჩახშობის მიზნით გამოყენებული რეპრესიული ტაქტიკა, ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, რაც ქართველი ხალხის უფლებაა და ეწინააღმდეგება საქართველოს გრძელვადიან მიზანს, რომელიც ასახულია მის კონსტიტუციაში - ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და სტრატეგიულ პარტნიორობას შეერთებულ შტატებთან“.

საქართველოს ხელისუფლების ამ ქმედებების პასუხად, სახელმწიფო დეპარტამენტს შემოაქვს სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა. ის გავრცელდება პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობაზე ან არიან მისი თანამონაწილენი. ასევე - ამ პირთა ოჯახის წევრებზე.

შეზღუდვა შეეხება პირებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების შეზღუდვაზე ძალადობის ან დაშინების გზით:

„აშშ-ის ხანგრძლივი მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიისადმი ფუნდამენტურია ჩვენი ორმხრივი ურთიერთობისათვის. ნებისმიერი, ვინც ძირს გამოუთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს საქართველოში, მათ შორის, 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების წინ, მის განმავლობაში და შემდეგ, შესაძლოა ამ პოლიტიკის მიხედვით აღმოჩნდეს შეუსაბამო აშშ-ის ვიზის მისაღებად და აეკრძალოს შეერთებულ შტატებში გამგზავრება. ეს შეზღუდვები შესაძლოა, შეეხოს ამ პირთა ოჯახის წევრებსაც”.

ენტონი ბლინკენი დაუყოვნებლივ იწყებს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ მიმოხილვასაც:

„იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ლიდერები გადახედავენ კანონპროექტს და მიიღებენ ზომებს მათი ერის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების დასაწინაურებლად. ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის განხილვის პროცესში, გავითვალისწინებთ საქართველოს ქმედებებს ჩვენი გადაწყვეტილების მიღებისას”.

განცხადებაში მითითებულია ამერიკის კანონმდებლობის კონკრეტული მუხლი, რომლის საფუძველზეც სავიზო სანქციები დაწესდება:

„პირებზე იმის მიუხედავად, არიან თუ არა მოქმედი ან ყოფილი მთავრობის წევრები თუ არასამთავრობო აქტორები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ან მონაწილეობდნენ საქართველოს დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობაში, მათ შორის ძალადობის, ძალის ან იძულების გამოყენებით, რათა ხელი შეეშალათ სამოქალაქო ან პოლიტიკური უფლებებით სარგებლობაში. ისევე, როგორც ამ პირების ოჯახის წევრებზე“.

ასევე ნახეთ "ქართველი ხალხის აქტი" - სენატს კიდევ ერთი კანონპროექტი წარედგინება

ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ საქართველოში მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების, დასავლეთის არაერთი დაჟინებული მოწოდების, უარი თქვას „რუსული სტილის" კანონზე და ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის დასკვნის მიუხედავად, „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ არ აპირებს უარი თქვას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონზე, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო.

საპარლამენტო უმრავლესობა კანონპროექტზე ვეტოს დაძლევას მომავალ კვირაში გეგმავს. კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში საპასუხო ზომების მიღებას აპირებს ევროკავშირიც.

ასევე ნახეთ ბრიუსელში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე მსჯელობენ

„ქართული ოცნება" კანონის მიღების მიზნად ასახელებს უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების გამჭვირვალობას და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას. მმართველ პარტიაში იმასაც აცხადებენ, რომ საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს „გლობალური ომის პარტია".

არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, რომლებსაც დასავლელი დონორები აფინანსებენ, აცხადებენ, რომ მათი შემოსავლები ისედაც დეკლარირებული და გამჭვირვალეა, ამიტომ ხელისუფლების რეალური მიზანია, საქმიანობა შეუზღუდოს და საერთოდაც გააუქმოს ორგანიზაციები, რომლებიც ადამიანის უფლებების, კორუფციის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობენ. ისევე, როგორც ეს რუსეთში მოხდა მსგავსი კანონის მიღების შემდეგ.

ასევე ნახეთ მივაგენით, ვინ არის „გლობალური ომის პარტია“ და რატომ ერჩის ივანიშვილს - შეთქმულების ამ თეორიის სათავეებთან