ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განმარტების შემდეგაც, კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ კონტექსტის მიუხედავად, პრემიერ ირაკლი კობახიძესთან საუბრისას სლოვაკეთის პრემიერის ხსენება "ნამდვილად აღიქმება მუქარად". ამის შესახებ მან ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ილაპარაკა.
"მისასალმებელია ბატონი ვარჰეის საპასუხო განცხადება და განმარტება. ჩვენც და მთელს საზოგადოებას გვქონდა მოლოდინი, რომ ნათელი მოეფინებოდა თვითონ სიტყვების ავტორის მიერ ამ ყოველივეს. ვერ გამოვრიცხავთ, რომ ეს იყო არა რაიმე ტიპის განზრახვა მუქარასთან დაკავშირებით, არამედ, ქართულად რომ ვიტყვით ხოლმე, სიტყვის მასალად გამაფრთხილებელი ფორმით გაკეთებული და მაგალითად მოყვანილი, როგორც ამას თავად კომისარი ამტკიცებს.
ეს ის კომისარია, რომელიც ძალიან ხშირად დახმარებია საქართველოს ევროკავშირის სტრუქტურებში, ხელშემწყობი პოზიცია ჰქონია. რაც არ უნდა ყოფილიყო კონტექსტი, ნებისმიერ შემთხვევაში და ვერავინ იტყვის საწინააღმდეგოს, ეს ნამდვილად აღიქმება მუქარად მის მიერ, ვინც ამას ისმენს", - თქვა წულუკიანმა.
23 მაისს ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ უპასუხა მუქარის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას - იგი წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ მისი სატელეფონო ზარის ერთი ნაწილი მთლიანად ამოიღეს კონტექსტიდან.
"მინდა გამოვხატო გულწრფელი მწუხარება, რომ ჩემი სატელეფონო საუბრის გარკვეული ნაწილი კონტექსტიდან ამოღებულია", - წერს ვარჰეი და განმარტავს, რომ როგორც სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე პასუხისმგებელი კომისარი, იგი რეგულარულ კონტაქტზეა ხოლმე თავისი პორტფელის ქვეყნების მთავრობის წარმომადგენლებთან.
"საქართველოს ამჟამინდელ პოლიტიკურ ვითარებაში მე დიდ ძალისხმევას ვდებდი, პოლიტიკური ხელმძღვანელობა დამერწმუნებინა, რომ კანონმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროკავშირის გზა.
რამდენადაც კარგად ვიცი ქართული საზოგადოების ძალიან ძლიერი პროევროპული განწყობის შესახებ, ჩემი სატელეფონო საუბრისას საჭიროდ ჩავთვალე, პრემიერის ყურადღება მიმექცია იმაზე, რომ ამ კანონის მიღებით არ გამწვავებულიყო ისედაც მყიფე ვითარება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შემდგომი პოლარიზაცია და თბილისის ქუჩებში შესაძლო უკონტროლო სიტუაციები. ამასთან დაკავშირებით, სლოვაკეთის ბოლო ტრაგიკული მოვლენა იქნა მოყვანილი, როგორც მაგალითი და მითითება იმისა, თუ სად შეიძლება მიგვიყვანოს პოლარიზაციის ასეთმა მაღალმა დონემ საზოგადოებაში, თუნდაც ევროპაში", - წერია ევროკომისრის განცხადებაში.
23 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი მას დაემუქრა. მისი განცხადებით, ეს უკავშირდება „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ მოსალოდნელ ზომებს.
ასევე ნახეთ კობახიძის თქმით, ერთ-ერთი ევროკომისარი სლოვაკეთის პრემიერის ბედის გაზიარებით დაემუქრაკობახიძე აცხადებს, რომ მას სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს ბედის გაზიარებით დაემუქრნენ.
"ჩემთან საუბარში, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა - „ხომ ნახეთ ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო", - თქვა კობახიძემ.
ამასთან, ირაკლი კობახიძე ფიცოზე თავდასხმას „გლობალური ომის პარტიას“ უკავშირებს.
"ხაზს გავუსვამ იმასაც, რომ წინასწარი ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრზე თავდასხმის უკან იკვეთება ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურის კვალი, რომელიც გლობალურ ომის პარტიასთან განსაკუთრებით მჭიდროდ არის დაკავშირებული.
პრევენციის მიზნით, თავი ვალდებულად მივიჩნიე, ამ მუქარის შესახებ ინფორმაცია ქართული საზოგადოებისთვის მიმეწოდებინა. რობერტ ფიცოს მკვლელობის მცდელობასთან გავლებული პარალელი შეგვახსენებს, რომ გლობალური ომის პარტიის სახით, საქმე გვაქვს უაღრესად საშიშ ძალასთან, რომელიც საქართველოში არეულობის შემოსატანად ყველაფერზეა წამსვლელი", - თქვა მან.
„ქართული ოცნების“ ნარატივის მიხედვით, არსებობს „გლობალური ომის პარტია“ - ე.ი. ძალები, რომლებიც გაერთიანებულნი არიან საქართველოს რუსეთთან ომში ჩართვის და საქართველოს ტერიტორიაზე „მეორე ფრონტის“ გახსნის სურვილით. მმართველი პარტიის დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის თქმით, „მათ საქართველო პირველად რუსეთს 2008 წელს დაუპირისპირეს, 2014 და 2022 წლებში კი უკრაინა კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენეს.“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ამ ძალებს აქვთ საკვანძო გავლენა როგორც ევროკავშირზე, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებზე, რაც ძალიან სამწუხაროა.“
15 მაისს სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავიდან 180 კილომეტრში მდებარე სოფელ ჰანდლოვაში მთავრობის გასვლითი სხდომის დასრულების შემდეგ რობერტ ფიცო მივიდა ხალხთან, რომელიც მთავრობის მეთაურს ესალმებოდა. პრემიერს ამ დროს ესროლეს.