ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადებით, ვარჰეი წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ მისი სატელეფონო საუბრის ერთი ნაწილი მთლიანად ამოიღეს კონტექსტიდან.
"მინდა გამოვხატო გულწრფელი მწუხარება, რომ ჩემი სატელეფონო საუბრის გარკვეული ნაწილი კონტექსტიდან ამოღებულია", - წერს ვარჰეი და განმარტავს, რომ როგორც სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე პასუხისმგებელი კომისარი, იგი რეგულარულ კონტაქტზეა ხოლმე თავისი პორტფელის ქვეყნების მთავრობის წარმომადგენლებთან.
"საქართველოს ამჟამინდელ პოლიტიკურ ვითარებაში, მე დიდ ძალისხმევას ვდებდი, პოლიტიკური ხელმძღვანელობა დამერწმუნებინა, რომ კანონმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროკავშირის გზა.
რამდენადაც კარგად ვიცი ქართული საზოგადოების ძალიან ძლიერი პროევროპული განწყობის შესახებ, ჩემი სატელეფონო საუბრისას საჭიროდ ჩავთვალე, პრემიერის ყურადღება მიმექცია იმაზე, რომ ამ კანონის მიღებით არ გამწვავებულიყო ისედაც მყიფე ვითარება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შემდგომი პოლარიზაცია და თბილისის ქუჩებში შესაძლო უკონტროლო სიტუაციები. ამასთან დაკავშირებით სლოვაკეთის ბოლო ტრაგიკული მოვლენა იქნა მოყვანილი, როგორც მაგალითი და მითითება იმისა, თუ სად შეიძლება მიგვიყვანოს პოლარიზაციის ასეთმა მაღალმა დონემ საზოგადოებაში, თუნდაც ევროპაში.
კიდევ ერთხელ ვწუხვარ, რომ ჩემი სატელეფონო ზარის ერთი ნაწილი არა მხოლოდ მთლიანად ამოღებულია კონტექსტიდან, არამედ საზოგადოებისთვის მიწოდებული იყო ისე, რომ შეიძლება გამოიწვიოს მისი თავდაპირველი მიზნის სრულიად არასწორი ინტერპრეტაცია", - დაწერა ევროკომისარმა და ისევ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, არ მიიღოს "აგენტების კანონი".
"ამას ვითხოვ ასევე, როგორც კარგად ნაცნობი და საქართველოს აქამდე პატივცემული მეგობარი. მე ვაგრძელებ ქართველების მხარდაჭერას, რომლებიც ევროპული მომავლისთვის მუშაობენ", - წერს ოლივერ ვარჰეი.
23 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი მას დაემუქრა. მისი განცხადებით, ეს უკავშირდება „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ მოსალოდნელ ზომებს.
კობახიძე აცხადებს, რომ მას სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს ბედის გაზიარებით დაემუქრნენ.
"ჩემთან საუბარში, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა - „ხომ ნახეთ ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო", - თქვა კობახიძემ.
ასევე ნახეთ კობახიძის თქმით, ერთ-ერთი ევროკომისარი სლოვაკეთის პრემიერის ბედის გაზიარებით დაემუქრაამასთან, ირაკლი კობახიძე ფიცოზე თავდასხმას „გლობალური ომის პარტიას“ უკავშირებს.
"ხაზს გავუსვამ იმასაც, რომ წინასწარი ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრზე თავდასხმის უკან იკვეთება ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურის კვალი, რომელიც გლობალურ ომის პარტიასთან განსაკუთრებით მჭიდროდ არის დაკავშირებული.
პრევენციის მიზნით, თავი ვალდებულად მივიჩნიე, ამ მუქარის შესახებ ინფორმაცია ქართული საზოგადოებისთვის მიმეწოდებინა. რობერტ ფიცოს მკვლელობის მცდელობასთან გავლებული პარალელი შეგვახსენებს, რომ გლობალური ომის პარტიის სახით, საქმე გვაქვს უაღრესად საშიშ ძალასთან, რომელიც საქართველოში არეულობის შემოსატანად ყველაფერზეა წამსვლელი", - თქვა მან.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმის შემდეგ, სოციალური ქსელების რუსულ სეგმენტში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ფიცოს მკვლელობის მცდელობაში უკრაინიდან ლტოლვილი მონაწილეობდა. თუმცა ეს ყალბი ცნობა სლოვაკეთის პოლიციამ უარყო. რუსეთის სახელმწიფო დუმაში ასევე განაცხადეს, რომ „სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის სიცოცხლის მოსპობის მცდელობის უკან შესაძლოა, უკრაინის სპეცსამსახურები დგანან.“
„ქართული ოცნების“ ნარატივის მიხედვით, არსებობს „გლობალური ომის პარტია“ - ე.ი. ძალები, რომლებიც გაერთიანებულნი არიან საქართველოს რუსეთთან ომში ჩართვის და საქართველოს ტერიტორიაზე „მეორე ფრონტის“ გახსნის სურვილით. მმართველი პარტიის დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის თქმით, „მათ საქართველო პირველად რუსეთს 2008 წელს დაუპირისპირეს, 2014 და 2022 წლებში კი უკრაინა კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენეს.“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ამ ძალებს აქვთ საკვანძო გავლენა როგორც ევროკავშირზე, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებზე, რაც ძალიან სამწუხაროა.“
15 მაისს სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავიდან 180 კილომეტრში მდებარე სოფელ ჰანდლოვაში მთავრობის გასვლითი სხდომის დასრულების შემდეგ რობერტ ფიცო მივიდა ხალხთან, რომელიც მთავრობის მეთაურს ესალმებოდა. პრემიერს ამ დროს ესროლეს.
ფიცოზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი, სხვადასხვა წყაროს თანახმად, არის 71 წლის იურაი ცინტულა, სლოვაკი მწერალი და პოეტი, რომელიც თავდასხმის იარაღს კანონიერად ფლობდა. თვითმხილველის თანახმად, თავდამსხმელმა პრემიერს დაუძახა და ის მისკენ, სავარაუდოდ, ხელის ჩამოსართმევად გაემართა, როცა გაისმა სროლის ხმა. ეჭვმიტანილი უშუალოდ თავდასხმის შემდეგ დააკავეს.