საქართველოს ხელისუფლება, ერთი მხრივ, აშშ-ზე მითიური „გლობალური ომის პარტიის“ გავლენაზე ლაპარაკობს, მეორე მხრივ, მიუთითებს, რომ ვაშინგტონთან ურთიერთობების გადატვირთვაა შესაძლებელი.
„ურთიერთობების თვისებრივად გადალაგება ჩვენს პარტნიორებს მაქსიმუმ ერთ წელიწადში შეუძლიათ“, - აცხადებს „ოცნება“. ამ ერთ წელიწადში საქართველოში მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს.
- რის მიღწევას ცდილობს „ქართული ოცნება“ და რამდენად შესაძლებელია მიიღოს ის, რაც სურს?
ივანიშვილის მილიარდები და მეტი
ერთი მოთხოვნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ მილიარდერი საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახელით გაახმაურა.
13 მაისს, პრესკონფერენციაზე, კობახიძემ დაადასტურა ივანიშვილის უარი შეხვედროდა თბილისში ჩამოსულ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენელს - ჯიმ ო’ბრაიენს და ისიც დაამატა, რომ მსგავსი უარი ივანიშვილს სხვა არაერთი დასავლელი პარტნიორისთვისაც აქვს ნათქვამი.
„ყველა შემთხვევაში უარის მიზეზი ერთი და იგივეა: ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ ის ისედაც არის დე ფაქტო სანქციების ქვეშ. მას აქვს გაყინული ორი მილიარდი დოლარი, რომელიც დასავლეთს მიანდო, მაგრამ აღმოჩნდა გლობალური ომის პარტიის ხელში“, - განმარტა პრემიერ-მინისტრმა.
და იქვე დასახელდა პირობაც - თუ რა შემთხვევაში აღდგება შეხვედრები, ანუ ძველებური ურთიერთობა აშშ-სთან - „როგორც კი დასრულდება შანტაჟი და დე ფაქტო სანქციები“, ანუ ივანიშვილისთვის ხელმისაწვდომი იქნება თავისი მილიარდები.
„ქართული ოცნების“ თეორიით - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტსაც „გლობალური ომის პარტია“ მართავს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, სანქციების ყოფილმა კოორდინატორმა, ჯიმ ო'ბრაიენმა 14 მაისს, თბილისში, უარყო, რომ ბიძინა ივანიშვილი „ამ ეტაპზე“ სანქცირებულია.
ასევე ნახეთ კობახიძის თქმით, ივანიშვილმა ო'ბრაიენს შეხვედრაზე უარი უთხრა„ქართული ოცნების“ სხვა მოთხოვნები 21 მაისს, პარტიის პოლიტსაბჭოს მიერ გამოქვეყნებულ წერილშია ჩამოთვლილი.
- წლის ბოლომდე გაიხსნას ევროკავშირის მოლაპარაკებები საქართველოსთან, რითაც აღდგება სამართლიანობა უკრაინასთან, მოლდოვასა და ბოსნია და ჰერცეგოვინასთან მიმართებით.
- აშშ-მა უნდა უზრუნველყოს საქართველოში მოქმედი ენჯეოების ქცევის ცვლილება - რათა დასრულდეს მათი მხრიდან საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაციის არაღიარების პოლიტიკა და რევოლუციური გეგმები.
- აშშ-მა ყოველგვარი პირობების გარეშე, საქართველოს მოქალაქეებს სავიზო ლიბერალიზაცია მიანიჭოს, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმოს და ჩადოს ფული ქართულ ეკონომიკაში.
„თუ ისინი ამ ყველაფერს გააკეთებენ, ამ შემთხვევაში აღარც ენჯეოების გამჭვირვალობის კანონი იქნება საჭირო და აღარც უსამართლო განცხადებებზე მოგვიწევს პასუხის გაცემა“, - წერს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო. დასახელებულია ვადაც - „ურთიერთობების თვისებრივად გადალაგება ჩვენს პარტნიორებს მაქსიმუმ ერთ წელიწადში შეუძლიათ“.
- მმართველი პარტია აცხადებს, რომ საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობები მხოლოდ აშშ-ის „სწორ ქმედებებზეა“ დამოკიდებული და გამოსწორებაც მხოლოდ მის ხელშია და, რომ დღემდე აშშ „საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ გულგრილ დამოკიდებულებას ავლენდა“.
მოთხოვნებში არ არის გამოყოფილი თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით.
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წერილი აშშ-ის რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის ინიციატივის - MEGOBARI აქტის შესახებ POLITICO-ს მიერ გავრცელებულ სტატიას მოჰყვა - რომელშიც საქართველოსთვის შესაძლო მასშტაბურ დახმარებასა და სავიზო ლიბერალიზაციაზეა ლაპარაკი. თუ „აგენტების კანონი“ დამტკიცდა, საქართველოს ხელისუფლების იმ წარმომადგენელთა სიაც, ვისზეც სანქციები გავრცელდება, იმავე კონგრესმენს აქვს მომზადებული.
„ჩვენ მზად ვართ ვიმეგობროთ, ჯანსაღი ურთიერთობები იყოს. დაგვანახეთ, გადადგით კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით და ამ კანონის საჭიროება არ იქნება“, - მოთხოვნების შესრულებისკენ დასავლეთს, ცალკე, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემაც მოუწოდა.
საქართველოსა და აშშ-ის „ურთიერთობების გადატვირთვა განსაკუთრებულ ძალისხმევას საჭიროებს“, - დაწერა ირაკლი კობახიძემ 3 მაისს X-ზე, როცა ის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველთან, დერეკ შოლესთან სატელეფონო საუბრის დეტალებს განმარტავდა.
აშშ-მა ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს რუსეთთან ურთიერთობაში , „გადატვირთვის“ პოლიტიკა 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ მკვეთრად გაუარესებული ურთიერთობების შემდეგ 2009 წელს გამოაცხადა.
"ხალხის ძალაც"
დასავლელი პარტნიორების მიმართ მოთხოვნებით შიგადაშიგ „ხალხის ძალაც“ გამოდის - მმართველი პარტიის განაყოფი და საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი.
„თუ [აშშ] შეასრულებს, რაც თქვა ერთმა კონგრესმენმა: სავაჭრო შეთანხმებას გააფორმებს, პირდაპირ ფრენებს დანიშნავს, ვიზალიბერალიზაციაზე ცალმხრივად მიიღებს გადაწყვეტილებას, ჩვენ ამ კანონის [„აგენტების კანონის“] ნაცვლად, ამერიკაში რომ მოქმედებს, FARA-ს რომ უწოდებენ, ვთარგმნით და მივიღებთ ამას“, - უთხრა 22 მაისს გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს. დეპუტატი დასავლეთთან ურთიერთობებში „ბევრი რაღაცის თავიდან გადახედვაზეც“ ლაპარაკობს - „თუკი შეწყდება შავი ფულის ხარჯვა, რიტორიკა საქართველოს შეურაცხყოფაზე და ასე შემდეგ“.
დასავლელი პარტნიორების მიმართ „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ მიერ გახმაურებული ბრალდებები სამართლებრივად არ არის დადასტურებული. მათ შორის არის ასევე ბრალდება, რომლის მიხედვითაც - დასავლეთის მიერ დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, 2020 წლის შემდეგ, საქართველოში ორი რევოლუციის ორგანიზება სცადეს.
„ხალხის ძალის“ თავმჯდომარის, დეპუტატ სოზარ სუბარის მოწოდებაა, რომ - დასავლეთმა აღარ დააფინანსოს არასამთავრობო სექტორის მოწინავე ორგანიზაციები.
„ამ ფულის ხარჯვა გაცილებით უკეთესი იქნება ისეთ საქმეებში, რაც თქვენი და ჩვენი ქვეყნების საერთო ინტერესებში ჯდება. ჩვენც და ქართველი ხალხიც უფრო მადლიერები ვიქნებით! ათასობით არასამთავრობო ორგანიზაციაც გაცილებით მეტ დაფინანსებას მიიღებს და ეს თანხები 50-მდე მდიდარი ენჯეოს ხელში არ კონცენტრირდება! კარგი საქმეებიც გაცილებით მეტი გაკეთდება!“, - წერს სოზარ სუბარი ფეისბუკპოსტში, რომელიც 15 მაისს, „აგენტების კანონის“ მესამედ მოსმენის შემდეგ გამოაქვეყნა. სარკასტულ ტექსტში სუბარი მოუწოდებს დასავლეთს, დაინახოს, რომ თავისი - „აგენტებისგან ხეირი მაინც არ არის“ და დაფინანსებას მიმართულება შეუცვალოს.
„ქართული ოცნება“ არ აპირებს გაითვალისწინოს ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის კატეგორიული რჩევა „აგენტების კანონის“ გაუქმების შესახებ და აცხადებს, რომ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს.
ასევე ნახეთ "აგენტების კანონის" ჩაგდება - ვენეციის კომისიის ერთადერთი რჩევა და დარჩენილი პროცედურებირა დანიშნულება აქვს „ოცნების“ მოთხოვნებს?
„ვირეშმაკობას“, „ვაჭრობას“, „შანტაჟს“ - უწოდებენ ამ პროცესს ექსპერტები, რომლის უცვლელ მთავარ მიზნებად - ბიძინა ივანიშვილის ინტერესების დაცვასა და ძალაუფლების გარანტირებულად შენარჩუნებას ასახელებენ.
მმართველი პარტიის მიერ წამოყენებულ უპირობო მოთხოვნებს ისინი დასავლურ პრინციპებთან შეუსაბამოდ თვლიან, ხოლო მისიას - შეუსრულებლად.
„დასავლეთი ვერ გააკეთებს ამას, რადგან ეს იქნება უარის თქმა საკუთარ ფასეულობებზე და დემოკრატიაზე. მაშინ გამოდის, რომ ხელი უნდა შეუწყოს - ავტოკრატიული რეჟიმის ჩამოყალიბებას საქართველოში, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება უნდა თან. როგორ? ეს ერთმანეთში ვერ ჯდება“, - „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ (GIP) ხელმძღვანელი, კორნელი კაკაჩია გვეუბნება, რომ „ვაჭრობა გარიგების მიზნით“ წარუმატებელი იქნება და დასავლეთი არასოდეს დათანხმდება, მაგალითად - არასამთავრობო სექტორის განადგურებასა და რეფორმების გარეშე, უპირობო ევროინტეგრაციაზე.
ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ „ოცნების“ ვაბანკზე წასვლა სხვა გეგმის არსებობაზე მიუთითებდეს.
„თორემ, აბა, საქართველო არ არის იმ პოზიციაში, რომ ასეთი საუბრები ჰქონდეს. მინიმუმ თურქეთის ზომის ეკონომიკა მაინც უნდა იყო, სანქციებმა რომ არ დაგანგრიოს. შეიძლება გათვლაც ჰქონდეთ ზუსტად მაგაზე, რომ შემდეგ დაიწყონ - აი, აშშ-სა და ევროპას არ ვუნდივართ და ამ ნიშნით ჩაატარონ არჩევნები“, - კორნელი კაკაჩია არ გამორიცხავს, რომ დასავლეთთან ბოლომდე გამწვავებას „ოცნება“ „ოფშორების შესახებ კანონის“ იმედად არ ერიდება, რომელიც საქართველოში დიდი ფულის უკონტროლოდ შემოტანის საშუალებას იძლევა.
„შესაძლოა რუსი ოლიგარქებისგან თუ რუსეთისგან, ამ გზით დიდ ფულს ელოდებიან. ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს შეურჩია ახალი როლი - პოსტსაბჭოთა სივრცის ოფშორული ცენტრი თუ რაღაც“, - გვეუბნება კაკაჩია.
დასავლეთთან მკაფიო დაპირისპირების პროცესში. „ქართული ოცნება“ აღარაფერს ლაპარაკობს ევროკომისიის 9 დათქმის ფარგლებში გასატარებელ რეფორმებზე, რომელთა შესრულებაც აუცილებელია ევროკავშირთან მოლაპარაკებების გასახსნელად.
„მთელი სახელმწიფო აპარატი ემსახურება ერთ პიროვნებას [ბიძინა ივანიშვილს], ყველა მისი მომსახურე პერსონალია - პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის წევრები თუ სხვა, რომ მან [ივანიშვილმა] თავი უსაფრთხოდ იგრძნოს, როგორც, მაგალითად, ჩეჩნეთის ლიდერი კადიროვია უსაფრთხოდ. ვხედავთ, ულტიმატუმის ენით ელაპარაკებიან დასავლეთს“, - პოლიტოლოგი ალექსანდრე კუხიანიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ „ოცნების“ მოთხოვნათა შინაარსი ავტორიტარიზმის დამყარების სურვილს ასახავს, რაზეც საერთაშორისო თანამეგობრობა არასოდეს დათანხმდება და „მეგობრებმა“ მხოლოდ რუსეთიდან შეიძლება დაუჭირონ ამას მხარი.
პოლიტოლოგი შიშობს, რომ „ოცნება ჩრდილოეთისკენ იხედება“, ხოლო ვითარების დაძაბვის შემთხვევაში, შესაძლოა, არც მოსკოვის დახმარებაზე თქვას უარი.
ალექსანდრე კუხიანიძე „ოცნების“ ბოლოდროინდელ მოთხოვნებს, ქმედებებსა და რიტორიკას მომავალ არჩევნებს უკავშირებს, კერძოდ კი - სურვილს, რომ „ურთიერთობები ჩაიშალოს დასავლეთთან“ და „ჰქონდეთ საბაბი, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები არ დაუშვან არჩევნების მონიტორინგისთვის და ჩაატარონ, როგორც ლუკაშენკომ ჩაატარა [ბელარუსში]“.
კუხიანიძე ფიქრობს, რომ „საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების ძალიან მძიმე პერიოდი ელის“, მაგრამ ამ ეტაპზე მისთვის ოპტიმიზმის საფუძველს ქმნის საერთაშორისო პარტნიორების - ევროკავშირისა თუ აშშ-ის განცხადებები - რომ „ქართველ ხალხს არ მიატოვებენ“ და, რომ ჯერჯერობით კვლავ ძალაშია დაპირება არჩევნებისთვის საერთაშორისო სამეთვალყურეო მისიების გამოგზავნის შესახებ.
ასევე ნახეთ ვენეციის კომისიას პროფესიულ ღირსებაზე უარი აქვს ნათქვამი - კობახიძე22 მაისს, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „გლობალურ ომის პარტიასთან ბრძოლას ალტერნატივა არ აქვს“, რადგან ძლიერია მისი ზეწოლა აშშ-სა და ევროკავშირზე და, რომ ამ ზეგავლენებისგან გათავისუფლების მიზნით, ვაშინგტონსა და ბრიუსელს დეოლიგარქიზაცია ესაჭიროება.
„ეს არის ჩვენი გუნდის ოპტიმიზმი, რომ, პირველ რიგში, ევროკავშირი მოახერხებს დეოლიგარქიზაციას. ამერიკის შეერთებულ შტატებსაც შეუძლია დეოლიგარქიზაციის მიღწევა და შესაძლებელი გახდება საკუთარი ეროვნული ინტერესების უფრო მტკიცედ დაცვა, ანუ, როგორც აშშ-ს, ისე ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებს და მთლიანად ევროკავშირს“, - განაცხადა კობახიძემ ინტერვიუში.
დეოლიგარქიზაციას დასავლელი პარტნიორები აქამდე - საქართველოს სთხოვდნენ. დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა ევროკომისიის 9 დათქმაში, რომლის შესრულებაც საქართველოსთვის აუცილებელია ევროინტეგრაციის გზის გასაგრძელებლად. ევროპარლამენტის რეზოლუციებში საქართველოს ერთადერთ ოლიგარქად ბიძინა ივანიშვილია დასახელებული.
ირაკლი კობახიძემ ინტერვიუში ასევე განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას სურს „ევროკავშირში ინტეგრაცია, უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან“, თუმცა „იქითა მხრიდან ვხედავთ, სამწუხაროდ, საპირისპირო პროცესებს სწორედ იმ გავლენების გამო, რომელიც არსებობს როგორც ერთ, ასევე მეორე სუბიექტზე“.
ასევე ნახეთ ომის ერთადერთი პარტია მოსკოვშია - ლანდსბერგისისაერთაშორისო პარტნიორები ღიად აფრთხილებენ თბილისს, რომ „აგენტების კანონის“ მიღების შემთხვევაში, ევროინტეგრაციაც შეფერხდება და საფრთხის წინაშე დადგება სავიზო ლიბერალიზაცია. ლაპარაკია სანქციების დაწესებაზეც.
საერთაშორისო პარტნიორები შიშობენ, რომ „აგენტების კანონი“ საქართველოში დაადუმებს სამოქალაქო საზოგადოებას და შეუძლებელი იქნება თავისუფალი აზრის გამოხატვა.