Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომის ერთადერთი პარტია მოსკოვშია - ლანდსბერგისი


ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები
ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი აცხადებს, რომ ერთადერთი „ომის პარტია“ მოსკოვშია და ის არის პასუხისმგებელი საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციაზე.

რადიო თავისუფლებამ თბილისში ვიზიტით მყოფ პოლიტიკოსებს, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებს, ჰკითხა, რას ფიქრობენ ნარატივზე „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ, რომელიც თითქოს საქართველოს ომში ჩაბმას ცდილობს.

„ომის ერთადერთი პარტია მოსკოვშია. ეს არის პარტია, რომელიც თავს დაესხა საქართველოს 2008 წელს. ეს არის პარტია, რომელიც თავს დაესხა უკრაინას 2014 წელს და ამჟამად აწარმოებს ომს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. ჩვენი, - მათი, ვინც თავისუფლებას აფასებს, - ვალია, რომ ვებრძოლოთ ამ პარტიას და მოვიგოთ ეს ომი“, - განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

იმავე კითხვაზე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰნკამ განაცხადა, რომ ეს საკითხი სახუმარო არ არის:

„ეს სერიოზული რამაა. ეს არის კრემლის ნარატივი. ეს არის კრემლის ნარატივი და ამაზე დავაც კი არ გვინდა, რადგან ეს ყალბი ნარატივია. ეს ტყუილია. მცდარია. მცდარი მიმართულებაა. თუ არსებობს დიდი სურვილი, რომ შეუერთდეთ ევროკავშირს, რომ იზიარებდეთ იგივე ღირებულებებს, კრემლის ნარატივს ასეთ სამყაროში ადგილი არა აქვს“, - თქვა მან.

ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი ტორდის გილფადოტრმა კი განაცხადა: „არა მგონია, რომ რაიმე სარგებელი ჰქონდეს ამაზე რომ რამე ვრცლად ვთქვა. მართლა არ შემიძლია კომენტარის გაკეთება. და, ვგონებ, ეს თავისთავად პასუხია“.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო'ბრაიენმა წინა დღეს, 14 მაისს, თბილისში ყოფნისას ჟურნალისტებთან საუბრისას ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ ლიდერების, მათ შორის ივანიშვილის გავრცელებული შეთქმულების თეორია: „თითქოს Reddit-ის გვერდი გაცოცხლდაო“.

13 მაისს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „გლობალური ომის პარტიას“ ბიძინა ივანიშვილის 2 მილიარდი აქვს გაჩერებული, - რაც დე ფაქტო სანქცირებაა, - და პარტიის საპატიო თავმჯდომარე ჯიმ ო'ბრაიენთან შეხვედრაზეც სწორედ ამიტომ ამბობს უარს.

ო’ბრაიენთან შეხვედრის შემდეგ, 14 მაისს, ირაკლი კობახიძე შეთქმულების თავსატეხის მორიგი დეტალი გამოაჩინა: „2008 წელს დაიწყო ივანიშვილის ანგარიშის ძარცვა, მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა სააკაშვილს ყოველგვარ კომუნიკაციაზე უთხრა უარი… უკრაინაში ომის დაწყებიდან ორ კვირაში გაიყინა მისი ანგარიში, რასაც მოჰყვა სხვა ნაბიჯები. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილს სრული უფლება აქვს, ჰქონდეს აღქმა დე ფაქტო სანქციასთან დაკავშირებით.“

საქართველოში ლიეტუვის, ესტონეთის, ისლანდიის და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები 15 მაისს ჩამოვიდნენ.

ისინი შეხვდნენ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვაა პაპუაშვილს. შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი თემა იყო საქართველოს პარლამენტში 14 მაისს მესამე მოსმენით მიღებული „აგენტების კანონი“.

შეხვდნენ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესაც.

ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, ისინი შეხვდნენ ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

დღეს, 15 მაისს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგარეო მინისტრებთან ერთად პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „აგენტების კანონს“ ვეტოს დაადებს და განაცხადა, რომ პრეზიდენტს ვერ გამოიყენებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის „სახის გადასარჩენად“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG