ირანის მთავრობამ მწუხარება გამოთქვა პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის დაღუპვის გამო.
დღეს, 20 მაისს, გამოქვეყნებულ განცხადებაში რაისი მოხსენიებულია დაუღლელ პრეზიდენტად, რომელიც ირანელ ხალხს ემსახურებოდა და ქვეყნის პროგრესს ეხმარებოდა. ოფიციალურ განცხადებაში ისიც ნათქვამია, რომ მთავრობა მუშაობას შეუფერხებლად განაგრძობს.
ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი, საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი და კიდევ შვიდი პირი იმყოფებოდნენ ვერტმფრენში, რომელიც 19 მაისს ჩამოვარდა ირანის ჩრდილო-დასავლეთში, მთიან რაიონში. ირანის ხელისუფლებამ პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მინისტრის და მათთან ერთად მყოფთა სიკვდილი დღეს, 20 მაისს, დაადასტურა.
დელეგაცია ბრუნდებოდა აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციიდან - ირანის რეგიონიდან, რომელიც აზერბაიჯანს ესაზღვრება. ირანის პრეზიდენტი რაისი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევთან ერთად მონაწილეობდა ახალი კაშხლის გახსნის ცერემონიაში.
ირანის ხელისუფლებამ კატასტროფის წინასწარ მიზეზად უამინდობა დაასახელა. ძლიერი ნისლის გამო გართულებული იყო სამძებრო-სამაშველო ოპერაციაც. მაშველებმა ვერტმფრენის კატასტროფის რაიონამდე დღეს მიაღწიეს.
ასევე ნახეთ ირანის ხელისუფლებამ დაადასტურა პრეზიდენტ რაისის დაღუპვა- მკაცრი კურსის მიმდევარი, 63 წლის ებრაჰიმ რაისი ირანის პრეზიდენტი იყო 2021 წლის აგვისტოდან. მანამდე ხელმძღვანელობდა ირანის სასამართლო ხელისუფლებას და გენერალურ პროკურატურას. ირანში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქცირებული იყო აშშ-ის და ევროკავშირის მიერ.
- 60 წლის ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო 2021 წლის აგვისტოდან. მანამდე მუშაობდა მინისტრის მოადგილედ და ირანის პარლამენტის სპიკერის სპეციალურ თანაშემწედ.
ირანის პრეზიდენტის სიკვდილის გამო ისლამური რესპუბლიკის მთავრობამ საგანგებო სხდომა მოიწვია. პრეზიდენტის გარდაცვალების შემთხვევაში, მის მოვალეობას პირველი ვიცე-პრეზიდენტი ასრულებს. ახალი საპრეზიდენტო არჩევნები 50 დღეში უნდა ჩატარდეს.
ირანის პოლიტიკურ სტრუქტურაში პრეზიდენტი მეორე ყველაზე გავლენიანი ფიგურაა ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის შემდეგ. ირანის დღევანდელი უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეია. ებრაჰიმ რაისის მიიჩნევდნენ აიათოლა ალი ხამენეის პროტეჟედ და მის პოტენციურ მემკვიდრედ ისლამური რესპუბლიკის შიიტურ თეოკრატიაში.
რაისი ირანის პრეზიდენტად კენჭს იყრიდა 2017 წელსაც და დამარცხდა შედარებით ზომიერ ჰასან როჰანისთან. 2021 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელშიც მონაწილეობა აუკრძალეს ებრაჰიმ რაისის ყველა პოტენციურად მნიშვნელოვან ოპონენტს, მან ამომრჩეველთა დაბალი აქტივობის ფონზე, ხმების 62%-ით გაიმარჯვა. ეს ირანის ისტორიაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო.
ებრაჰიმ რაისის პრეზიდენტობის დროს ირანის მოსახლეობაში მკვეთრად გაიზარდა უკმაყოფილება ეკონომიკური და სოციალური პრობლემების და ადამიანის, განსაკუთრებით ქალების უფლებების უხეშად დარღვევის გამო.
ასევე ნახეთ ირანის პრეზიდენტი: დემონსტრანტებთან "გადამწყვეტი" დაპირისპირებაა საჭირორაისის პრეზიდენტობისას ირანმა გააღრმავა ურთიერთობები ჩინეთთან და რუსეთთან და გააძლიერა კონფრონტაცია დასავლეთთან და ისრაელთან, რომელსაც თეირანი მოსისხლე მტრად მიიჩნევს.
ისლამური რესპუბლიკის კრიტიკოსები ებრაჰიმ რაისის მოიხსენიებენ „თეირანის ჯალათად" 1988 წელს, პოლიტპატიმრების სიკვდილით მასობრივად დასჯაში თავისი როლის გამო. იმ პერიოდში რაისი თეირანის პროკურორის მოადგილე იყო. მისი კარიერული წინსვლა დაიწყო 1989 წლიდან, როცა ხამენეი გახდა ირანის უზენაესი ლიდერი.
19 მაისს ირანის მთიან რეგიონში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულ პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის დარჩა ცოლი ჯამილე ალამოლჰოდა და ორი ქალიშვილი.