„აგენტების კანონის“ გასაპროტესტებლად მოქალაქეები კვლავ მართავენ აქციას. თბილისში, რუსთაველის გამზირი, პარლამენტის შენობის წინ საავტომობილო გზა დაახლოებით 21:00 საათზე გადაიკეტა. მანამდე მოეწყო ქალაქის ქუჩებში მსვლელობა.
აქცია-მსვლელობა მოეწყო ბათუმშიც. სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების ორგანიზებით კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიწყო. ამ დროს რუსთაველის ქუჩის ერთი ნაწილი გადაიკეტა. დემონსტრანტებმა პლაკატებით, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით და შეძახილებით „გამოდით“ მსვლელობა დაიწყეს ისტორიული ბათუმის უბნებში.
„[კანონპროექტმა] შეცვალა კურსი რუსეთისკენ. ხელისუფლება დაგვპირდა, რომ კანონს მეორედ აღარ დააინიციირებდა, მაგრამ მოატყუეს საკუთარი ამომრჩეველი. ეს კანონი ყველა მოქალაქეს შეეხება. ამ ბრძოლაში ბიძინა ივანიშვილი არის ქართველი ხალხის წინააღმდეგ, მაგრამ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლა არავის მოუგია“, - ამბობს ბათუმში აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, არჩილ ბერიძე.
დღეს, 18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო „აგენტების კანონს“. მისი თქმით, ეს არის „რუსული კანონი“ და ეწინააღმდეგება როგორც ქვეყნის კონსტიტუციას, ისე ევროპულ სტანდარტს.
ასევე ნახეთ პრეზიდენტმა „აგენტების კანონს“ ვეტო დაადო: ეს არის რუსული კანონირა ჩაწერა პრეზიდენტმა კანონპროექტის მოტივირებულ შენიშვნებში, რაც ვეტოს პროცედურით არის გათვალისწინებული, უცნობია. დოკუმენტი მედიისთვის ხელმისაწვდომი ამ ეტაპზე [18 მაისის 21:20 საათისთვის] არ არის.
„აგენტების კანონი“, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, პარლამენტს უბრუნდება განსახილველად. ვეტოს დაძლევისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერა საკმარისია, საპარლამენტო უმრავლესობას კი მეტი - 83 ხმა აქვს.
„აგენტების კანონის" წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე ხალხმრავალი საპროტესტო აქციების და პარტნიორი სახელმწიფოების მკაცრი კრიტიკისა და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა რუსული სტილის ამ კანონზე, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ 14 მაისს 84 ხმით, მესამე მოსმენით მიიღო „კანონპროექტი უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.
პარლამენტში სამივე მოსმენით მიღებული „კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად აცხადებს იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა მიღებული. ისინი სპეციალურ რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ და ყოველწლიურად შეავსონ საფინანსო დეკლარაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველ ჯერზე 25 ათასი ლარით დაჯარიმდებიან.
ასევე ნახეთ დიახ, წაკითხული გვაქვს „აგენტების კანონი“ - დეტალურად, რა მოხდება, თუ ვეტოს დაძლევენ