რუსეთმა უკრაინაზე მორიგი იერიში მიიტანა უპილოტო საფრენი აპარატებით. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის, მიკოლა ოლეშჩუკის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული ღამის განმავლობაში, საოკუპაციო ძალებმა უკრაინას შეუტიეს „შაჰედის“ ტიპის 20 დრონით.
გენერალ-ლეიტენანტ ოლეშჩუკის თანახმად, უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის, პოლტავის, ვინიცის, ოდესის და ნიკოლაევის ოლქების ფარგლებში 20-ვე დრონი ჩამოაგდეს.
საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციებს შედეგებზე ჯერჯერობით არაფერი უთქვამთ.
ასევე ნახეთ რუსეთის მონაცემების მიხედვით, ღამის განმავლობაში 102 „უკრაინულ დრონს" ებრძოდნენ17 მაისს რუსეთმა დრონებით მასირებულ შეტევაში უკრაინაც დაადანაშაულა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დილით განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში მოიგერიეს 100-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი.
გამთენიისას დრონებით შეტევა იყო რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქების, ნოვოროსიისკის და ტუაფსეს პორტსა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. ამის შესახებ რუსული ტელეგრამ-არხები იუწყებოდნენ. დრონებით თავდასხმა დაადასტურა ადგილობრივმა ხელისუფლებამ. უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული შეტევა იყო უკრაინის ქალაქ სევასტოპოლზეც, რომელიც 2014 წლიდან რუსეთის მიერაა ანექსირებული.