მიშელი კობახიძესა და ზურაბიშვილს "აგენტების კანონზე" ტელეფონით ესაუბრა

საილუსტრაციო ფოტო - შარლ მიშელი (მარცხნივ), სალომე ზურაბიშვილი, ირაკლი კობახიძე

15 მაისს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ტელეფონით ესაუბრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მიშელის საუბრის შესახებ რადიო თავისუფლებას ევროკავშირის ოფიციალურმა პირმა უთხრა, რომ ორივე საუბრისას დისკუსია ფოკუსირებული იყო იმ შესაძლო გზების პოვნაზე, რომლებითაც დაიძლეოდა მოსახლეობის წუხილი "უცხოური გავლენის შესახებ კანონის" ირგვლივ.

წყაროს თანახმად, საუბრის დროს პრეზიდენტმა მიშელმა ხაზი გაუსვა პრეზიდენტ ზურაბიშვილის განსაკუთრებულ როლს საქართველოში პოლარიზაციის გადალახვაში და მადლობა გადაუხადა ამ მიზნისთვის გაწეული ძალისხმევისთვის. ამასთან, პრეზიდენტმა მიშელმა მოუწოდა პრემიერ კობახიძეს, რომ განაგრძოს პოლიტიკური ტურბულენტური სიტუაციიდან გამოსავლის ძიება.

ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტმა მიშელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია მისი მომავალი, ხოლო "გაბედულ პოლიტიკურ ლიდერებს" შეუძლიათ, ხელი შეუწყონ მას. მისივე თქმით, საქართველომ არ უნდა გარისკოს თავისი ევროპული მომავალი, რომელიმე აქტორის მოკლევადიანი პოლიტიკური მიღწევების გამო.

ასევე, როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მხრიდან ითქვა, ევროკავშირმა ნათლად და არაერთხელ განაცხადა, რომ "უცხოური გავლენის შესახებ კანონის" სულისკვეთება და შინაარსი არ შეესაბამება ევროკავშირის ძირითად ნორმებსა და ღირებულებებს.

პრეზიდენტმა მიშელმა საუბრისას მათ შეახსენა ისიც, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა იმ დათქმით, რომ პროგრესი უნდა იყოს ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციით განსაზღვრული ნაბიჯების შესაბამისად.

"ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი მოიცავს რეკომენდაციას ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფაზე და სამოქალაქო საზოგადოების, ისევე როგორც მედიის თავისუფლად მუშაობაზე. ევროკავშირი და პრეზიდენტი მიშელი კვლავაც ჩართული არიან საუკეთესო გამოსავლის პოვნაში და საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერაში.
ის ახლა კონსულტაციებს გაუწევს ევროკავშირის წევრებს, თუ როგორ უნდა გადაიჭრას არსებული გამოწვევები."

შარლ მიშელსა და სალომე ზურაბიშვილს შორის სატელეფონო საუბარზე ინფორმაცია გაავრცელა პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც. მათი ცნობით, საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, თუმცა ინფორმაციაში სხვა დეტალები დაკონკრეტებული არ არის.

ასევე ნახეთ "ჩვენ არასოდეს მივატოვებთ ქართველ ხალხს" - აშშ, ევროკავშირი და 14 ევროპული ქვეყანა
ასევე ნახეთ ო'ბრაიენი ივანიშვილზე: ამ ეტაპზე მის მიმართ სანქციები არაა დაწესებული

საქართველოს პარლამენტმა „აგენტების კანონი“ მესამე მოსმენით 14 მაისს მიიღო - მას 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ერთ თვეზე მეტია, რაც კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებდნენ, რომ ამ კანონის მიღება და ქვეყნის ევროინტეგრაცია ერთმანეთთან შეუთავსებელია.