"თუკი ეს კანონი დარჩება ისეთად, რომ არ იქნება ევროსტანდარტებთან შესაბამისობაში, გაგრძელდება ამგვარი ტიპის რიტორიკა აშშ-ის და ჩვენი პარტნიორების მიმართ, რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან სახიფათო და სარისკო ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის", - აცხადებს ო'ბრაიენი და ჰყვება, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ამ ეტაპზე საქართველოსთვის გამოყო 390 მილიონი დოლარი, საიდანაც ნაწილი მოხმარდება სამხედრო, თავდაცვის საკითხებს, ნაწილი ეკონომიკას, ინსტიტუციების მშენებლობას, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას.
"ეს დახმარება უკვე დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, თუკი შეიცვლება სტრატეგიული პარტნიორობა და აშშ მოაზრებული იქნება მოწინააღმდეგედ და არა მოკავშირედ", - აცხადებს ის და აგრძელებს:
"თუკი [აგენტების] კანონი არ შეიცვლება ევროკავშირის ნორმების შესაბამისად, ძირი გამოეთხრება დემოკრატიას აქ და ძალადობა იქნება მშვიდობიან მომიტინგეებზე, მაშინ აშშ-ის მხრიდან იქნება ფინანსური და მოგზაურობის შეზღუდვა მათზე, ვინც პასუხისმგებელია ამ ქმედებებზე და, ასევე მათ ოჯახებზე. მე ამას ვამბობ არა იმისთვის, რომ ეს მინდა მოხდეს, არამედ იმიტომ, რომ საქართველომ გააგრძელოს მშვიდობიანი გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. იმედი გვაქვს, ეს გზა დაიწყება დღეს და გაგრძელდება".
ასევე ნახეთ ო'ბრაიენი ივანიშვილზე: ამ ეტაპზე მის მიმართ სანქციები არაა დაწესებული ასევე ნახეთ სალომე ზურაბიშვილსა და ჯიმ ო'ბრაიენს შორის შეხვედრა დათქმულ დროზე მეტხანს გაგრძელდაჯიმ ო'ბრაიენმა, საქართველოში ვიზიტისას პირველი შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან გამართა. ჯიმ ო'ბრაიენი მთავრობის ადმინისტრაციაში 14 მაისს, დღის 12:00 საათისთვის მივიდა და შენობა 15:00-ის წუთებზე დატოვა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ამ შეხვედრას აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანიც ესწრებოდა.
ვიზიტის ფარგლებში ჯიმ ო'ბრაიენი ასევე შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და ბიზნესის წარმომადგენლებს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს.
საქართველოს პარლამენტმა "რუსულ კანონად" წოდებული სადავო კანონპროექტი მესამე მოსმენით დღეს მიიღო - მას 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
"აგენტების კანონის" წინააღმდეგ საქართველოში თითქმის ერთი თვეა აქციები იმართება - საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებდნენ, რომ ამ კანონის მიღება და ქვეყნის ევროინტეგრაცია ერთმანეთთან შეუთავსებელია.