საქართველოს პარლამენტის შენობასთან, სადაც მოქალაქეები "აგენტების კანონის" მიღებას აპროტესტებენ, მოქალაქეებს აკავებენ - რადიო თავისუფლების კადრებში ჩანს ათამდე ადამიანის დაკავების ფაქტი. აქციის დაშლა პოლიციამ ყველანაირი წინასწარი გაფრთხილების გარეშე დაიწყო - მხოლოდ მას შემდეგ, რაც პოლიციამ არაერთი ადამიანი დააკავა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: "საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი."
დაკავებებს წინ უსწრებდა მოქალაქეების მხრიდან პროტესტის გამოხატვა საკანონმდებლო ორგანოსთან აღმართულ რკინის ჯებირებზე ჯოხებისა და მუშტების რტყმით. პარლამენტის ეზოში მობილიზებული პოლიციელები მათ, ვინც რკინის ჯებირებზე ნივთების დარტყმით გამოხატავდნენ პროტესტს, ფოტოებს უღებდნენ.
სპეცრაზმელები პარლამენტის ეზოდან მას შემდეგ გამოცვივდნენ, რაც დემონსტრანტების ნაწილმა შენობის წინ აღმართული ლითონის წინაღობის ფილა ამოჭრა.
დღის 5:13 საათისთვის, პარლამენტის შენობა თითქმის სრულად აქვთ ალყაშემორტყმული სპეცდანიშნულების რაზმებს - რამდენიმე წუთის წინ რუსთაველის გამზირზე გამოჩნდა წყლის ჭავლის მანქანა და გაისმა გამაფრთხილებელი განცხადება, რომ იწყებოდა აქციის დაშლა. არსებული ინფორმაციით, რომლის დაზუსტებასაც რადიო თავისუფლება ცდილობს, დაკავებულებს შორის არის 2023 წლის მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისიც.
ასევე ნახეთ კანონის მიღებას პარლამენტთან დაძაბულობა მოჰყვა - აქციის მონაწილეთა ნაწილმა ჯებირი გაჭრასაქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დღეს მიიღო "რუსულ კანონად" წოდებული სადავო კანონპროექტი - მას 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
"აგენტების კანონის" წინააღმდეგ საქართველოში თითქმის ერთი თვეა აქციები იმართება - საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებდნენ, რომ ამ კანონის მიღება და ქვეყნის ევროინტეგრაცია ერთმანეთთან შეუთავსებელია.
ასევე ნახეთ სია: 84 დეპუტატი, რომლებმაც „აგენტების კანონს“ მესამე, საბოლოო მოსმენით, მხარი დაუჭირეს