სტუდენტებმა მსვლელობა მოაწყვეს პარლამენტამდე, სადაც "აგენტების კანონის" წინააღმდეგ კვლავ იმართება აქცია

15-ზე მეტი უნივერსიტეტის სტუდენტები 13 მაისიდან გაიფიცნენ.

თბილისში სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები მსვლელობით მიდიან პარლამენტის შენობასთან, სადაც "აგენტების კანონის" წინააღმდეგ კიდევ ერთი აქცია იმართება. დღეს საქართველოს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი სადავო კანონპროექტს - პლენარულ სხდომაზე ამ კანონპროექტის მესამე მოსმენა 14 მაისს არის დაგეგმილი.

მსვლელობაში მონაწილე სტუდენტების ნაწილი 13 მაისიდან გაფიცულია - 15-ზე მეტი უნივერსიტეტის სტუდენტებმა აქციებში აქტიური ჩართულობის მიზნით, უარი თქვეს აუდიტორიებში სიარულზე.

სტუდენტებმა მსვლელობა თსუ-ს ეზოდან დაიწყეს და რუსთაველის გავლით მიემართებიან პარლამენტის შენობასთან. ახალგაზრდები საქართველოს ხელისუფლებას "რუსულ კანონად" წოდებულ კანონპროექტზე უარის თქმას სთხოვენ.

სტუდენტების მსვლელობის პარალელურად, ბრიფინგი გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ - მან კიდევ ერთხელ თქვა, რომ "ქართული ოცნება" ამ კანონს მიიღებს და ეს იქნება მოსახლეობის უმრავლესობის ნების აღსრულება.

ასევე ნახეთ კობახიძე: მოსახლეობის უმრავლესობის რაციონალური ნებით, პარლამენტი მესამე მოსმენით მიიღებს კანონს

ორშაბათს დილით, სანამ მმართველი პარტია იურიდიული კომიტეტის სხდომაზე „აგენტების შესახებ“ კანონს მესამე მოსმენით სულ რაღაც 67 წამში დაამტკიცებდა, სამართალდამცავებმა პარლამენტთან 20 ადამიანი დააკავეს, მათგან ორი ამერიკის შეერთებული შტატების, ერთი კი რუსეთის მოქალაქეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ისინი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის არიან დაკავებული.

დაკავებულების ნაწილს სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ. სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის არაერთი კადრი გავრცელდა 13 მაისს.