თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები განცხადებას ავრცელებენ, რომლითაც სოლიდარობას უცხადებენ "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო პროტესტის მონაწილე სტუდენტებს. განცხადებაზე ხელმომწერი ლექტორები მიიჩნევენ, რომ "დაუშვებელია საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. „რუსული კანონის“ ნებისმიერი ფორმით მიღება და საჭიროა, დაუყოვნებლივ შეწყდეს აღნიშნული განხილვა, რადგან ის ძირს უთხრის ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს და აბრუნებს ქვეყანას მძიმე წარსულში, რომელსაც ჩვენმა საზოგადოებამ არაერთხელ მკაფიოდ უთხრა უარი." შესაბამისად, ისინი მხარს უჭერენ იმ სტუდენტებს, რომლებიც 13 მაისიდან აუდიტორიების ნაცვლად საპროტესტო აქციებზე აპირებენ მისვლას და გამოთქვამენ მზადყოფნას, შეაჩერონ სასწავლო პროცესი მიზნის მიღწევამდე.
"ვდგავართ ჩვენი სტუდენტების გვერდით და გამოვდივართ მათი და ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან. შესაბამისად, ვუერთდებით სტუდენტებს აქციებზე და თუკი ისინი გადაწყვეტენ შეაჩერონ სასწავლო პროცესი, ჩვენც შევუერთდებით მათ ამ გადაწყვეტილებას. გაცდენილი ლექცია-სემინარები კი აღდგება მოგვიანებით, ისევ სტუდენტებთან შეთანხმებით.
აქვე, მოვუწოდებთ უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას, რომ ღიად და მკაფიოდ დააფიქსიროს პოზიცია „რუსული კანონის“, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მიმართ ძალადობისა და დაშინების მცდელობის შესახებ და უზრუნველყოს, რომ პრობლემები არ შეექმნათ პროტესტის მონაწილე სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც 80-მდე ლექტორი აწერს ხელს.
თსუ-ს სტუდენტებმა გაფიცვის შესახებ განცხადება გუშინ, 11 მაისს, გააკეთეს. დღევანდელი მონაცემებით, 13 მაისიდან გაფიცვას უერთდებიან:
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები;
- GIPA-ს სტუდენტები;
- საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები;
- ალტე უნივერსიტეტის სტუდენტები;
- თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტები;
- კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები;
- ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტები;
- ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტები;
- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები;
- საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტები;
- შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები;
- თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები;
- საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები;
ჩამოთვლილთაგან მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტმა მიიღო სასწავლო პროცესის ერთი კვირით სრულად შეჩერების გადაწყვეტილება, მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე.
ასევე ნახეთ 13 მაისიდან ილიას და ALTE უნივერსიტეტების სტუდენტები აუდიტორიების ნაცვლად აქციაზე იქნებიანსაქართველოს პარლამენტში "აგენტების კანონის" განხილვა 13 მაისს განახლდება - ორშაბათს დაგეგმილია საკომიტეტო მოსმენა, სამშაბათს, ანუ 14 მაისს, სადავო კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე განიხილება და შესაძლოა, ამავე დღეს გაიმართოს მესამე მოსმენით კენჭისყრაც.
12 მაისს ამ კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეები საღამოს 10 საათიდან აპირებენ პარლამენტის შენობასთან შეკრებას და ღამის გათენებას.
ასევე ნახეთ შს მინისტრი სისხლის სამართლის დევნით ემუქრება ყველას, ვინც პარლამენტის ბლოკირებას შეეცდება