Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შს მინისტრი სისხლის სამართლის დევნით ემუქრება ყველას, ვინც პარლამენტის ბლოკირებას შეეცდება


ეს წარწერები პარლამენტის შენობაზე მოქალაქეებმა "აგენტების კანონის" მეორე მოსმენისას გააკეთეს, დასუფთავების სამსახურმა ეს და სხვა წარწერები მეორე დღესვე წაშალა.
ეს წარწერები პარლამენტის შენობაზე მოქალაქეებმა "აგენტების კანონის" მეორე მოსმენისას გააკეთეს, დასუფთავების სამსახურმა ეს და სხვა წარწერები მეორე დღესვე წაშალა.

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პარლამენტთან დაგეგმილი აქციის წინ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ კანონის სრული სიმკაცრით და სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დაისჯება ყველა, ვინც პარლამენტის შენობის ბლოკირებას შეეცდება. მინისტრმა ამ განცხადების გასაკეთებლად შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართა ბრიფინგი, რომელზეც აღნიშნა, რომ საფრთხის იდენტიფიცირება მის მიერ მოხდა როგორც პოლიტიკოსების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების, ისე ოპერატიული ინფორმაციის საშუალებით.

"საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირება, რამაც შეაფერხა ან შეეძლო შეეფერხებინა ამ ობიექტის ნორმალური მუშაობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4 წლამდე. გასულ წლებში ჩამოყალიბებული იყო არაპროპორციულად ლოიალური პრაქტიკა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზემოაღნიშნულ მუხლთან მიმართებით, რამაც, როგორც გამოცდილებამ აჩვენა, შესაბამისი დანაშაულის პრევენციაზე უარყოფითი გავლენა იქონია. შესაბამისად, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, თავს ვალდებულად მივიჩნევთ, ეს მუხლი კანონის დამრღვევების მიმართ პროპორციულად ავამოქმედოთ და დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლი ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ავამოქმედოთ", - განაცხადა მინისტრმა. 222-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელსაც გომელაური ასახელებს, გულისხმობს ტელერადიომაუწყებლობის ან კავშირგაბმულობის ანდა სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირებას. ამ დანაშაულის ჩამდენი 4 წლამდე პატიმრობით ისჯება. ამავე მუხლის მეორე ნაწილი ითვალისწინებს სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირებას - ამ დანაშაულის შემთხვევაში 8 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.

დღეს, საღამოს 5 საათზე, პოლიციელებს დაგეგმილ აქციებზე მაღალი სტანდარტით მუშაობისკენ მოუწოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მისი ბრიფინგის შინაარსი საზოგადოებისთვის გაგზავნილ მუქარად აღიქვა და, თავის მხრივ, პოლიციელებს შეახსენა, რომ მათი ვალი კანონის და ადამიანების დაცვაა.

მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" მეორედ დააბრუნა სადავო კანონპროექტი დღის წესრიგში, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში ამ კანონის საწინააღმდეგოდ არაერთი აქცია გაიმართა - მოქალაქეები კანონის მიღებას თითქმის უწყვეტი პროტესტით ეწინააღმდეგებიან. პარლამენტში კანონპროექტის განხილვის დაწყებიდან ამ დრომდე, ამ კანონის მიღების საწინააღმდეგო აქციებზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებული მოქალაქეების რაოდენობა 150-ს აღწევს - მათი ნაწილი აღნიშნავს, რომ პოლიციამ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა როგორც დაკავებისას, ასევე დაკავების შემდეგ. 20-მდე მოქალაქეს აქციაზე ან დაკავებისას მიღებული ფიზიკური დაზიანებების გამო სამედიცინო დახმარების მისაღებად ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

საქართველოს პარლამენტში "აგენტების კანონის" განხილვა 13 მაისს განახლდება - ორშაბათს დაგეგმილია საკომიტეტო მოსმენა, სამშაბათს, ანუ 14 მაისს, სადავო კანონპროექტი პლენარულ სესიაზე განიხილება და შესაძლოა, ამავე დღეს გაიმართოს მესამე მოსმენით კენჭისყრაც.

ამ კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეები 12 მაისს, საღამოს 10 საათიდან აპირებენ პარლამენტის შენობასთან შეკრებას და ღამის გათენებას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG