ერევანში მინიმუმ 48 ადამიანი დააკავეს პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობისთვის. სომხეთის დედაქალაქში გრძელდება საპროტესტო გამოსვლები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა დაკავებები. პოლიცია დემონსტრანტთაგან ქუჩების გაწმენდას შეეცადა.
სომხეთის სამოციქულო ეკლესიის არქიეპისკოპოსმა ბაგრატ გალსტანიანმა სტუდენტებსა და საპროტესტო გამოსვლების სხვა მონაწილეებს მოუწოდა, დაიწყონ „სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციები“, რათა ზეწოლა გააძლიერონ ფაშინიანზე და აიძულონ ის, გადადგეს. პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვენ აზერბაიჯანის იმ ტერიტორიების დაკარგვის გამო, რომლებსაც ათწლეულების განმავლობაში აკონტროლებდნენ სომხები და რომლებიც ახლა კვლავ აზერბაიჯანის კონტროლქვეშაა.
ერევანი და ბაქო წინასწარ შეთანხმდნენ ოქმზე, რომელსაც 19 აპრილს მოეწერა ხელი. დოკუმენტში სომხეთი უარს ამბობს ოთხ სოფელზე, რომელთაც ერევანი აკონტროლებდა 1990-იანი წლებიდან მოყოლებული.
ფაშინიანის თქმით, ცალმხრივი დათმობები აუცილებელია, რათა თავიდან იქნეს აცილებული აზერბაიჯანის მხრიდან სამხედრო აგრესია სომხეთის წინააღმდეგ.
9 მაისს გალსტანიანის მიერ მოწყობილ საპროტესტო დემონსტრაციაზე ათიათასობით ადამიანი მოგროვდა. მრავალი მათგანი მომდევნო დღეს კვლავ დაბრუნდა აქციაზე.
პოლიციამ აქციის მონაწილეებს მოსთხოვა, გაეთავისუფლებინა ერევნის ცენტრში გადაკეტილი მთავარი ქუჩები. 11 მაისს დემონსტრანტთა დაკავება დაიწყო.
ასევე ნახეთ ერევანში ათიათასობით მომიტინგე შეიკრიბა ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნითოპოზიციონერი პარლამენტარები აცხადებენ, რომ ისინი ფაშინიანისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებას შეეცდებიან.
პარლამენტში ფაშინიანის ზოგიერთმა მოკავშირემ ოპოზიციას ბრალი დასდო გადატრიალების ორგანიზებაში. ისინი ამ პროცესებს უკავშირებს ყოფილ პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანს ან რუსეთის ინტერესებს. ფაშიანიანის მომხრეებმა გალსტანიანს მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე დასდეს ბრალი რუსეთის ჯაშუშობაში.
უკანასკნელი სამი ათწლეულის განმავლობაში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ორი ომი მოხდა მთიანი ყარაბაღის გამო. რეგიონი, რომელიც აზერბაიჯანის შემადგენლობაში შედის, დიდი ხნის განმავლობაში ძირითადად სომხური მოსახლეობით იყო დასახლებული.
2020 წელს აზერბაიჯანმა საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაიბრუნა მთიანი ყარაბაღის ნაწილი და მის გარშემო მდებარე შვიდი რაიონი, რომლებსაც ასევე სომხები აკონტროლებდნენ 2020 წლამდე.
მას შემდეგ, რაც სექტემბერში ბაქომ მთელს მთიან ყარაბაღზე გაავრცელა კონტროლი, თითქმის 100 ათასმა სომეხმა დატოვა რეგიონი და სომხეთს მიაშურა.
ამჟამად სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ყაზახეთში იმყოფებიან და სამშვიდობო მოლაპარაკებებს მართავენ. მოლაპარაკებების მიზანია ხანგრძლივი სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა.
ასევე ნახეთ აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები სამშვიდობო მოლაპარაკების ახალ რაუნდს მართავენ