„განრისხებული მამაკაცები ერთი ბიჭის და ორი გოგოს წინააღმდეგ“, - წერს კაცი, რომელსაც სამართალდამცავებმა სცემეს

ლეონიძის ქუჩა, 11 მაისი

„მეგობრებო კარგად ვარ, საშიში არაფერი არ მჭირს“, - სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს ირაკლი წიგნაძე, ახალგაზრდა კაცი, რომელსაც 11 მაისს, ღამით, ლეონიძის ქუჩაზე სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ძალადობის კადრები არაერთმა მოქალაქემ გაავრცელა სოციალურ ქსელში, სადაც ჩანს, როგორ უსწორდებიან მანქანაში მჯდომ ახალგაზრდა კაცს სამართალდამცავები.

ირაკლი წიგნაძე აღწერს 11 მაისს, ლეონიძეზე განვითარებულ მოვლენებს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მან გზა დაუთმო სამართალდამცავებით სავსე ავტობუსს და მათ შეუფერხებლად შეეძლოთ გზის გაგრძელება, სამართალდამცავები მას მაინც გაუსწორდნენ ფიზიკურად:

„ლეონიძეზე ავდიოდი და წინ მომადგა ამათი ავტობუსი. მე გავჩერდი რო გაერათ. ყოველგვარი გაწევ-გამოწევის გარეშე, თავისუფლად შეეძლოთ გაეარათ გვერდიდან, მაგრამ აიჩემეს, შენ გაიწიეო. ანუ მე უნდა წავსულიყავი ზადნით, იმიტო რო ამათ გვერდიდან მოვლა არ უნდოდათ.

ხან ერთი მოვარდა, ხან მეორე, მე ძალიან წყნარად და მშვიდად ვეუბნებოდი რო შეეძლოთ გაევლოთ გვერდიდან. ბოლოს ალბათ მივხდნენ რო სრულ სიდებილეს ჩალიჩობდნენ და რო მე არ გავიწეოდი, ამიტო დააპირეს მოვლა, მაგრამ ამ ოცმეთაურს გამჩენი არ ასვენებდა მაინც ალბათ - ჩემკენ გამოიშვირა ხელი და თავის პაძელნიკს ეუბნება "ეს დედამოტ**ული თუ არ გაიწევა რა ვქნათ გავიდეთ ჩვენო". დიდად არ გავბრაზებულვარ, მაგ კაცუნას გინებაზე მართალი რო ვთქვა, უბრალოდ არ მინდა ეგონოთ რო მაგათი მუსკულების და ნიღბების ვინმეს ეშინია, ამიტომ მეც შევაგინე.

ეგ იყო და გადმოხტა მთელი ჯგრო და დამიწყეს რტყმა. არც ხელი შემიბრუნებია და მემგონი მეტი აღარც შემიგინებია, მეცინებოდა ისეთი სახეებით და ისეთი შემართებით იბრძოდნენ ერთი ავტობუსი განრისხებული მამაკაცები ერთი ბიჭის და ორი გოგოს წინააღმდეგ...

მთავარი პრობლემა არის ის ვინც ესენი აუშვა. ვერც რუსეთი და ვერც ვერანაირი კანონი ვერ დაგვაზიანებს ისე როგორც ეს ერთამენთის ჯიჯგვნა. უდიდესი სიბოროტეა ეხლა რის კეთებაზეც გადავიდნენ, ძალიან დიდი იმედი მაქვს რო არ გამოუვათ და ვერ გადაგვკიდებენ საბოლოოდ ერთმანეთს. ამ კანონს კიდე ვერ გაიტანენ!“, - წერს ირაკლი წიგნაძე სოციალურ ქსელში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ავტობუსი ოპერატიული დავალების მიზნით, სპეციალური შუქურის გამოყენებით გადაადგილდებოდა გზის სავალ ნაწილზე. ხოლო „საავტომობილო გზაზე მოძრავმა ერთ-ერთი ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მძღოლმა, არ გაითვალისწინა სამართალდამცველების არაერთი თხოვნა გაეტარებინა მანქანა და ხელი შეუშალა მათ გადაადგილებაში“.

ლეონიძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით ან იარაღის გამოყენებით.

ასევე ნახეთ თბილისში, ლეონიძის ქუჩაზე პოლიციელებმა მოქალაქეს სცემეს