უკრაინამ განაცხადა, რომ მოიგერია რუსეთის მხრიდან გარღვევის მცდელობა ხარკოვის ოლქში

რუსეთის არმიის დაბომბვის შემდეგ. ხარკოვის რეგიონი. 10 მაისი, 2024 წელი. უკრაინის არმიამ რუსეთის მხრიდან გარღვევის მცდელობა მოიგერია ხარკოვის ოლქში

რუსეთის ჯარებმა სცადეს ახალი ფრონტის გახსნა ხარკოვის ოლქში უკრაინული პოზიციების გარღვევით, ხოლო კიევმა განაცხადა, რომ მისმა ძალებმა ეს მცდელობა მოიგერიეს, თუმცა ბრძოლები გრძელდება.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 10 მაისს, დილით ადრე განხორციელებულმა თავდასხმამ უკრაინული ჯარები არ დააბნია.

"უკრაინა მათ დახვდა იქ ჯარით: ბრიგადებით და არტილერიით", განაცხადა ზელენსკიმ და გაფრთხილება გამოთქვა, რომ მოსკოვმა შეიძლება მეტი ძალები გაგზავნოს თავისი შეტევის მცდელობის გასაძლიერებლად, რომელიც, როგორც სამხედრო წყაროები ამბობენ, მიზნად ისახავდა "ბუფერული ზონის" შექმნას, რათა თავიდან აეცილებინა უკრაინული ძალების მიერ რუსეთის ტერიტორიის დაბომბვა.

უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ხარკოვის რეგიონი ესაზღვრება რუსეთს, ხოლო დედაქალაქის, ხარკოვის, გარეუბანი მხოლოდ რამდენიმე ათეული კილომეტრითაა საზღვრიდან დაშორებული. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, რუსული ჯარები შეტევაზე გადავიდნენ რამდენიმესაათიანი მძიმე საარტილერიო ცეცხლის შემდეგ.

"მას შემდეგ, რაც დაბნელდა, რუსმა ოკუპანტებმა არტილერიის დახმარებით გააძლიერეს ცეცხლი ჩვენი თავდაცვის ხაზზე. დაახლოებით დილის 5 საათზე, მოწინააღმდეგე ჯავშანტექნიკის საფარქვეშ, ჩვენი თავდაცვის ხაზის გარღვევას შეეცადა", - განაცხადა სამინისტრომ.

თავდაცვის ხაზების გასაძლიერებლად განლაგებულია სარეზერვო ქვედანაყოფები და უკრაინული ძალები აგრძელებენ მტრის შეტევის შეკავებას, განაცხადა სამინისტრომ და დასძინა, რომ სხვადასხვა ინტენსივობის შეტაკებები კვლავაც მიმდინარეობს.

უფრო ადრე, ხარკოვის ოლქის გუბერნატორმა, ოლეჰ სინეჰუბოვმა განაცხადა, რომ ქალაქი ვოვჩანსკი, რომელიც ხარკოვიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახლოებით 70 კილომეტრში და რუსეთის საზღვრიდან მხოლოდ ოთხ კილომეტრში მდებარეობს, მძიმედ დაიბომბა რუსეთის მხრიდან.

10 მაისს რუსეთის სამხედრო ძალებმა მორიგი იერიში მიიტანეს უკრაინის ქალაქ ხარკოვზე. მერის, იჰორ ტერეხოვის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა S-300 ტიპის რაკეტით დაარტყეს ხარკოვის ერთ-ერთ საცხოვრებელ რაიონს, სადაც სრულად ან ნაწილობრივ დანგრეულია 26 კერძო სახლი. დაიჭრა ორი ადამიანი, მათ შორის 11 წლის ბავშვი.

ასევე ნახეთ უკრაინელი გენერალი აცხადებს, რომ ომის საბოლოოდ დასრულებას მოლაპარაკებები დასჭირდება